
წლებია, ვუყურებ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ყველაზე დაბალანსებული, ყველაზე მიუკერძოებელი არხია, რომელიც ყველას პოზიციას თანაბრად აფიქსირებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბვჭოს წევრმა, იზაბელა ოსიპოვამ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვედ დავიწყე მუშაობა, ჩემთვის პირველი პრიორიტეტი, როგორი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს იყო დამოუკიდებელი, დაბალანსებული და ყველა ჯგუფის ინტერესებზე მორგებული. ყველა აზრი უნდა გაჟღერებულიყო, თუნდაც განსხვავებული, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აზრი, მაგრამ ყველა ეს ადამიანი, ყველა ეს ჯგუფი ჩვენი საზოგადოებაა და ყველას ხმა, ყველას პოზიცია უნდა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რასაც ვაკვირდები, განსაკუთრებით ბოლო თვეებია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, ეს იქნებოდა არჩევნებამდე, არჩევნების პერიოდში, არჩევნების შემდგომ პერიოდში, მთლიანად დეკემბერ-იანვრის თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, მინდა, ერთი აღვნიშნო, რომ ასეთი საშუალება, თუნდაც პოლიტიკურ პარტიებს, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცა საშუალება, წინასაარჩევნო პერიოდში დრო იყო გამოყოფილი. მეორე საკითხია, ვინ როგორ გამოიყენა ეს დრო, ზოგმა გამოიყენა, ზოგმა უარი თქვა კუთვნილი დროის გამოყენებაზე. ამაზე პასუხობს ასევე ეუთო/ოდირის დასკვნა“, – აღნიშნა იზაბელა ოსიპოვამ.
მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ეუთო/ოდირის დასკვნის ნდობის მოწოდებით გამოდიოდნენ, დღეს სხვაგვარ შეფასებებს აკეთებენ.
„მახსოვს წინა არჩევნების პერიოდიც, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეუთო-ს არცთუ ისე სასიამოვნო დასკვნა იყო გაკეთებული. მაშინ გვესმოდა საზოგადოებისგან, კონკრეტული ჯგუფებისგან, რომ ეუთო-ს დასკვნაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, აბსოლუტურად, როგორც იქნება დასკვნაში დაწერილი, ისე უნდა მივიღოთ. დღეს იმავე ადამიანებისგან გვესმის პასუხი, რომ ეუთო-ს დასკვნა არცთუ ისე სამართლიანია, რომ შეიძლება, სხვანაირად წავიკითხოთ, ბოლომდე არ უნდა დავეყრდნოთ და ვენდოთ ეუთო-ს დასკვნას, ეუთო/ოდირის ანგარიშს და ა.შ. ანუ, ხშირად ვხედავ, რომ ერთი და იგივე ადამიანები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა პოზიციას აფიქსირებენ. ცოტა კითხვებს ბადებს ეს. რაც შეეხება საზოგადოებისთვის გამოყოფილ ეთერსა და დროს, მე ასე მგონია, რომ მთელი დეკემბრის პერიოდში აბსოლუტურად თავისი ნებით, სურვილით, თანხმობით, გაგებით, თანადგომით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და მენეჯმენტმა გამოუყო ამ ადამიანებს საეთერო დრო და ყოველ საღამოს, 22:00 საათზე განსხვავებული ადამიანების განსხვავებული პოზიცია, განსხვავებული პროფესიის ადამიანების პოზიცია გვესმოდა. მაგრამ ალბათ ეს ადამიანებიც დამეთანხმებიან, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და არამხოლოდ მათ, მე როგორც ბორდის წევრსაც კი, არ მაქვს უფლება, ჩავერიო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, ასე პირადად მივიდე და ვუთხრა, იცით რა, დღეს ეს კონკრეტული ადამიანები უნდა დასვათ ეთერში. ალბათ იქიდან გამომდინარე, რაც მე, წლებია, ვუყურებ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ყველაზე დაბალანსებული, ყველაზე მიუკერძოებელი არხია, რომელიც ყველას პოზიციას თანაბრად აფიქსირებს. თუნდაც ეს არ იყოს მისაღები ერთი ჯგუფისთვის ან მეორე ჯგუფისთვის, რადგან ხან ერთი ჯგუფი გვემდურის, რომ ეს არ უნდა გაგეშუქებინათ, ხან მეორე ჯგუფი გვემდურის, როგორ გააშუქეთ ასეთი ინფორმაცია, როგორ გავიდა თქვენს ეთერშიო. მაგრამ ეს ყოველთვის იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ანუ აბსოლუტურად ყველა პოზიციაა, ვინც უყურებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა ისიც გვესმის, რომ რად გვინდა, არ ვუყურებთ და საერთოდ ნუ იარსებებს ეს არხიო. ასეთი პოზიციაც არსებობს. მაგრამ მე ვთვლი, რომ ის ადამიანები, რომლებიც კარგად უყურებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ყოველთვის დაინახავენ, რომ ყოველთვის იყო განსხვავებული პოზიციების გაჟღერება და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. შესაბამისად, უნდა მივცეთ ამ ადამიანებს, ამ პროფესიონალებს საშუალება, თვითონ შეარჩიონ გადაცემის სტუმრები, შეარჩიონ გადაცემის თემები და ეს იქნება ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. იცით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია და თუ რომელიმე ქვეყნის ტელევიზიას შეუძლია, მოიყვანოს ასეთი მაგალითი, როდესაც საზოგადოების კონკრეტული ჯგუფი კარნახობს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რა გადაცემა მოამზადოს, როგორ მოამზადოს და სტუმრები მოიყვანოს“, – განაცხადა იზაბელა ოსიპოვამ.
მისივე თქმით, პროგრამულ პრიორიტეტებს ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო იმის გათვალისწინებით, რაც გაწერილია კანონმდებლობაში.
„ანუ, ისიც არის კანონმდებლობის ნაწილი, ის პრიორიტეტები, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია. ეს პრიორიტეტები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მენეჯმენტის მიერ. თუ ჩვენ ამ კუთხით გვექნება პრეტენზია მენეჯმენტთან, რა თქმა უნდა, სამეურვეო საბჭო ამის შესახებ იტყვის, რომ ამ კონკრეტულ პროგრამულ პრიორიტეტს, რომელიც ჩადებული იყო ამ წლის პროგრამულ პრიორიტეტებში, თქვენ ვერ შეასრულეთ და აქ არის ხარვეზი. ამაზე კვლევებია შემდეგ საჭირო და გზა არის გასავლელი, მაგრამ ასე, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გარედან აქციით… მშვიდობიანი პროტესტი და აქცია, მგონი, აბსოლუტურად ყველასთვის მისაღებია და შესაძლოა, ნაწილს ვიზიარებთ, ნაწილს არ ვიზიარებთ იმ მოთხოვნების, რასაც მშვიდობიანი აქციის დროს საზოგადოება ახმოვანებს, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ასე შეჭრის უფლება, მგონი, არავის აქვს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებსაც კი“, – აღნიშნა იზაბელა ოსიპოვამ.