იზაბელა ოსიპოვა - არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმი არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი
იზაბელა ოსიპოვა - არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმი არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმის იმ სახით გაშვება, როგორიც დღეს გვაქვს, საზოგადოების წინაშე არასწორი იქნება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, იზაბელა ოსიპოვამ განაცხადა.

როგორც იზაბელა ოსიპოვა აცხადებს, ფილმში დარღვეულია კანონის სხვადასხვა მუხლი, ხშირ შემთხვევაში არ არის დაცული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები.

„თემა ძალიან სენსიტიურია, ძალიან დიდი ტრაგედიაა, რაც მოხდა. მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ ფილმს და უნდათ მისი ნახვა, თუმცაღა, რაც მე ვნახე, რაც მოგვაწოდეს და ვუყურეთ, არის ძალიან ბევრი ხარვეზი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარღვეულია კანონის სხვადასხვა მუხლი, ჟურნალისტური ეთიკის ნორმებიც არ არის დაცული ხშირ შემთხვევაში. ფილმის იმ სახით გაშვება, როგორიც დღეს გვაქვს, საზოგადოების წინაშე არასწორი იქნება. თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს მოვალეობა, ყველა პროდუქტში, რაც იქმნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დაცული უნდა იყოს ყველანაირი სტანდარტი, ამ სტანდარტის ნორმებში სამწუხაროდ ეს ფილმი დღესდღეობით არ ჯდება”, – განაცხადა ოსიპოვამ.

მისივე თქმით, ფილმის საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება სწორია.

„სასურველი იქნებოდა, დაცული ყოფილიყო უდანაშაულობის პრეზუმფციის საკითხი. სასურველია, ფილმი გადაღებული ყოფილიყო მრავალმხრივად, ანუ ყველა პოზიცია ყოფილიყო გადმოცემული და ასე შემდეგ. კარგად იცით, რომ სამეურვეო საბჭო შინაარსობრივ ნაწილში არასოდეს შედის, არც გვაქვს ამის უფლება. მე, როგორც ბორდის ერთ წევრს, მიმაჩნია, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილება არის სწორი. თუ შემოქმედებითი ჯგუფი მიიღებს შენიშვნებს, რეკომენდაციებს და შეცვლის ამ ნაწილში, ან უფრო დაბალანსებულად გადააკეთებს ამ მასალას, ვთვლი, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, ფილმი გავიდეს ეთერში. ვერ ვიტყვი, რომ აქ არის ვინმეს პოლიტიკური ინტერესი ან ვიღაცის ინტერესების გამო არის ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ოსიპოვამ.

ოსიპოვას განცხადებით, ფილმი არ აკმაყოფილებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტებს და იმ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„თუ ყველა ეს ხარვეზი შესწორდება და შეიცვლება, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდეს”, – განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრმა.