ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3 პროცენტით გაიზარდა
ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ივნისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 19.3 პროცენტით გაიზარდა და 201.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 20.8 პროცენტით 26.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით, 193.5 პროცენტით გაიზარდა ყაზახეთიდან და 49.9 პროცენტით აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 1.8 და 1.4 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები ასევე უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და რუსეთიდან გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან დაიკლო. საანგარიშო თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 17.4 პროცენტით მოიმატა, რაც 18.3 პროცენტით იტალიიდან და 47.5 პროცენტით გერმანიიდან  გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან 24.6 პროცენტით და ისრაელიდან 12.8 პროცენტით გაზრდილმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 40.9 პროცენტს ევროკავშირის ქვეყნები და 19.4 პროცენტიანი წილით რუსეთი წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დატოვე კომენტარი