ივლისში საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 183.5 ლარი შეადგინა
ივლისში საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 183.5 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

მიმდინარე წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 186.6 ლარი იყო, ივლისში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა და 183.5 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივნისთან შედარებით, ივლისში 2.7 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.6 ლარს შეადგენს. 5 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 307.9 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ივლისში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 162.6 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 260.1 ლარით, სამსულიანი – 292.6 ლარით, ოთხსულიანი – 325.1 ლარი, ხუთსულიანი – 363.7 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 432.4 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

დატოვე კომენტარი