ივლისიდან აჭარაში ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი საპილოტე პროგრამა დაიწყება  
ივლისიდან აჭარაში ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი საპილოტე პროგრამა დაიწყება  

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. მან ჯანდაცვის სფეროს 60-მდე წარმომადგენელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში წითელას ინფექციის ეპიდემიასთან გამკლავების გზებზე გამახვილდა.  მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ინფექციის პრევენციისა და შეკავების მიზნით, უკვე განხორციელებული ღონისძიებები და გაუმჯობესების გზები განიხილა.  შეხვედრაზე აქცენტი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც გაკეთდა. ვირუსის სრულად აღმოსაფხვრელად, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მისი პირველადი ჯანდაცვის დონეზე მიწოდების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

სხდომაზე ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი საპილოტე პროგრამა „აჭარა ტუბერკულოზის გარეშე“ წარადგინეს. მისი განხორციელება რეგიონში მიმდინარე წლის ივლისიდან იგეგმება.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა კითხვებს უპასუხა და განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შეფასება მოისმინა.

დავით სერგეენკომ ანალოგიური ფორმატის შეხვედრა გუშინ ქუთაისში გამართა.