ივიცა დაჩიჩი - მინდა, სერბეთმა და საქართველომ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ
ივიცა დაჩიჩი - მინდა, სერბეთმა და საქართველომ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ

გვინდა, საქართველოსთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა გავაფართოოთ, – ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ორი ქვეყანა ერთმანეთს მხარს უჭერს, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სამართლის საბაზისო და ძირითად პრინციპებს.

„ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და გვსურს, დამდეგი აღდგომა მოგილოცოთ. მადლიერი ვართ საქართველოსი, როდესაც საქმე ტერიტორიულ მთლიანობასთან და კოსოვის საკითხთან დაკავშირებით პრინციპულ პოზიციას ეხება. ამ მხრივ, სერბეთსაც ძლიერი პოზიცია აქვს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა მინისტრმა.

ივიცა დაჩიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო შეიძლება ძალიან კარგი მაგალითი იყოს საჯარო მმართველობის რეფორმის თვალსაზრისით.

„მინდა, საქართველოს მივულოცო და ვაღიარო მათი შედეგები, როდესაც საქმე გაზრდილ მთლიან შიდა პროდუქტს ეხება. საქართველო შეიძლება ძალიან კარგი მაგალითი იყოს საჯარო მმართველობის რეფორმის თვალსაზრისით და მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები გვექნება. გვინდა, ეკონომიკურ სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა გავაფართოოთ, ასევე უნდა ვიმსჯელოთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“, – განაცხადა ივიცა დაჩიჩმა.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება ბელგრადში საკონსულოს გახსნას, ასევე მისივე თქმით, საქართველოს საელჩოში ათენში გაიხსნება დიპლომატიური ოფისი.

„სერბეთსა და საქართველოს შორის ძალიან დიდი პატივისცემა, სიყვარული და ნდობა არსებობს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს ზრუნვას სჭირდება. ორ ქვეყანას შორის მეგობრობას შეიძლება მიხედვა არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი ხალხის მენტალიტეტში დევს ის, რომ ისინი მეტ ყურადღებას მტრებს აქცევენ, ვიდრე მეგობრებს. მინდა, რომ ეს შევცვალოთ. მინდა, ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. ჩემი ვიზიტი აღიქვით, როგორც ჩვენი მეგობრობის ნიშანი. მე ჩემი კოლეგისა და ძვირფასი მეგობრის საპასუხო ვიზიტს დაველოდები ბელგრადში.

ამასთან, ვიმედოვნებ, რომ გვექნება შესაძლებლობა, პირდაპირი რეისები შესრულდეს და ასევე ბელგრადში ქართული რესტორნის გახსნას შევძლებთ“, – განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა.