ივერი მელაშვილის მეუღლეს იმედი აქვს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დავით გარეჯის საქმეზე კომისია შეიქმნება და დაკავებულების უდანაშაულობას დაამტკიცებს
ივერი მელაშვილის მეუღლეს იმედი აქვს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დავით გარეჯის საქმეზე კომისია შეიქმნება და დაკავებულების უდანაშაულობას დაამტკიცებს

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის განცხადებით, პროკურატურა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, რუკების ასლის გადაცემაზე უარს ამბობს. სულაძის თქმით, უწყება ადვოკატებს ხელს უშლის, რომ ბრალდებულები დაიცვას.

მელაშვილის მეუღლის განმარტებით, მისი მეუღლე უდანაშაულოა და ამის დასამტკიცებლად აუცილებლად იბრძოლებს.

მელაშვილის ოჯახს ასევე იმედი აქვს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი შექმნის კომისიას, რომელიც დავით გარეჯის საქმეს განიხილავს და დაკავებულების უდანაშაულობას დაამტკიცებს.

„ადვოკატები იყვნენ პროკურატურაში. მოითხოვეს რუკების ასლები. ასევე იყვნენ მისული სამხარაულში, მაგრამ ორივე სამსახურმა უარი უთხრა. ამით ცდილობენ ხელი შეუშალონ ადვოკატებს დაცვაში. მათაც მშვენივრად იციან, რომ ეს ხალხი არაა დამნაშავე და ყველნაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ, რომ ეს არ დამტკიცდეს“,- განაცხადა სულაძემ.

მისივე თქმით, მისი მეუღლე მხნედ არის და საბრძოლველად შემართულია.

„როდესაც ადამიანი ცამდე მართალია, როდესაც ერთი პროცენტითაც არ არის დამნაშავე, ის ადამიანი ყოველთვის სიმართლისთვის იბრძვის. მან იცის, რომ სიმართლე მალე დამტკიცდება. ამდენ ხანს რატომ გაგვაწამეს, ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება წინასწარ დაკავებას, ხომ შეიძლებოდა რომ ნიკანორ მელიას მსგავსად სამაჯური გაეკეთებინათ და სახლს არ გასცდებოდა, თუმცა მათ ეშინოდათ იმის, რომ ისინი გამოთქვამდნენ თავის აზრს, იტყოდნენ სიმართლეს და ეს მათ არ აწყობდათ. ვის არ აწყობდა ეს? იმას, ვინც ადანაშაულებს მათ და ვისაც ჰქონდა გეგმა, რომ ზემდგომ ხალხს მისწვდომოდნენ და ამათზე გადაიარეს. სრულიად უდანაშაულო ადამიანები გაწირეს და გადაუარეს. ესენი არაპრინციპული ადამიანები რომ ყოფილიყვნენ და ისეთი ხალხი, რომ თავის გადარჩენის მიზნით, ვიღაცისკენ ხელს გაიშვერდნენ, შეიძლება ეთქვათ მათთვის, დაადეთ ხელი ზემდგომს და მერე თქვენ გამოგიშვებთ და ისინი დაისჯებიან. ჩემი მეუღლე სიკვდილის შიშითაც კი არ გააკეთებს იმას, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ვინმეს დაადოს ხელი, ასევეა ქალბატონი ნატალიაც. გვინდოდა პატრიარქთან პირადად შეხვედრა, მაგრამ გვითხრეს, რომ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით მეუფეებსაც კი არ აქვთ უფლება პატრიარქი ნახონ, ამიტომ პირადად ვერ შევხდით პატრიარქს. რაც შეეხება მოლოდინს, ეს საარჩევნოდ იყო დადგმული დიდი სპექტაკლი. მგონი, არჩევნები რომ ჩაივლის, შეიძლება შერბილდეს ეს მდგომარეობა, მით უმეტეს, კოალიცია თუ მოვიდა ხელისუფლებაში.

იმედია, რომ კომისია შედგება, მგონი შეიცვლება ეს ბრალდება. მძიმე ბრალდებაა ისეთ რამეზე, სადაც ერთი პროცენტი არ აქვთ ბრალეულობა. თუ კომისია არ შედგება, მაშინ ჩვენ მივმართავთ პარლამენტს კომისიის შექმნის თაობაზე“,- განაცხადა თამარ სულაძემ