ივერი მელაშვილის ადვოკატი - პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერს კარგად თუ გავეცნობით, საზოგადოება მიხვდება, რომ ეს უფრო გამამართლებელი მტკიცებულებაა
ივერი მელაშვილის ადვოკატი - პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერს კარგად თუ გავეცნობით, საზოგადოება მიხვდება, რომ ეს უფრო გამამართლებელი მტკიცებულებაა

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე მხარეებმა მასალები საბოლოოდ გაცვალეს და სასამართლოში წარადგინეს.

დავით გარეჯის საქმე, რომლის განხილვასაც თბილისის საქალაქო სასამართლო 28 იანვრიდან იწყებს, 13 ტომისგან შედგება, მათ შორის არის პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ფარული ჩანაწერები.

ივერი მელაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ გავრცელებული მასალები მონტაჟია და მისი გასაჯაროებით პროკურატურას კონკრეტული ინტერესი ჰქონდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს აღნიშნული მასალები სამი თვე შეგნებულად არ გადასცეს, რაც არასამართლიანია.

„პროკურატურა დაცვის მხარეს უზღუდავდა შესაძლებლობას, წვდომა ჰქონოდა ბოლო სამი თვის მტკიცებულებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად შეიძლება გამართლებული იყოს ასეთი მიდგომა კანონმდებლობით, ვთვლით, რომ კონსტიტუციასთან ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ. საკმაოდ მოცულობითი ფაილებია ახალი მასალები. ყველა ინფორმაციას და ჩანაწერს ჯერ არ გავცნობივართ.

პროკურატურის მიზანი გუშინ იყო მხოლოდ ერთი, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა, ამ საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერებიც, რომლებიც გარკვეულ გარემოებებს თითქოს უფრო მყარად ადასტურებს. რაც შეეხება ამ ჩანაწერების შინაარსს, თუ კი ამ ჩანაწერს კარგად გავეცნობით, საზოგადოება მიხვდება, რომ რეალურად ეს უფრო გამამართლებელი მტკიცებულებაა, ვიდრე გამამტყუნებელი. ამ ჩანაწერს ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია ეძლევა“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები 28 იანვარს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პატიმრობიდან გათავისუფლების და საქმის შეწყვეტის შუამდგომლობებს დააყენებენ.