ივერი მელაშვილი - ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს სასამართლო პროცესები, რადგან ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული ვარ
მეც ძალიან მაინტერესებს, რა ჩვენება უნდა მისცეს ირაკლი ღარიბაშვილმა, – ასე უპასუხა დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა კითხვას, რომ დასაკითხ მოწმეთა სიაში არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„მეც ძალიან მაინტერესებს, რა ჩვენება უნდა მისცეს. კარგად იცით, რომ თავდაცვის მინისტრი როცა იყო, მაშინ იყო ეს საქმე მისი მხრიდან წამოწეული და ინიცირებული. ალბათ, ექნება სათქმელი რატომ, რისთვის და რის საფუძველზე. საფუძველი გვაინტერესებს, ამ ბრალდებებს რა აქვს, ეს ბრალდებები ნამდვილად ნაკლები საფუძვლის მატარებელია“, – განაცხადა მელაშვილმა.
როგორც მელაშვილი აცხადებს, სურს, სასამართლო პროცესები მალე დასრულდეს.
„ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს მიმდინარე სასამართლო პროცესები, რადგან ჩვენ სიმართლეში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მელაშვილმა.
ცნობისთვის, დასაკითხ მოწმეთა სიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც არიან. თუ როდის მისცემენ სასამართლოში ჩვენებას, ჯერ უცნობია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი იმართება.