ივერი მელაშვილი - როდესაც ჰაერზე ამბობ, თურმე ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდა, ან დილეტანტიზმია, ან მიზანმიმართული სიცრუე
ივერი მელაშვილი - როდესაც ჰაერზე ამბობ, თურმე ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდა, ან დილეტანტიზმია, ან მიზანმიმართული სიცრუე

როდესაც ჰაერზე ამბობ, რომ თურმე ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდა, ან  დილეტანტიზმია, ან მიზანმიმართული სიცრუე, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც იმავე ნახაზს იმეორებს, რასაც 200 000-იანი მასშტაბის რუკა.

„წარმოუდგენელია ისეთი რამის მტკიცება, რაც ბრალდებას აქვს წარმოდგენილი. 200 000-იანი რუკიდან გამომდინარე ლაპარაკობს იმაზე თითქოს, ოდესღაც საზღვარი ისე გადიოდა, როგორც იმ რუკაზეა მითითებული და თურმე, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ძირგამომთხრელი მოქმედებების შედეგად გადასცეს მეორე მხარეს. არ არსებობს ამის არც დოკუმენტური, არც სხვა რუკა, რომ ადასტურებდეს, იმეორებდეს ისეთ დახაზულობას, როგორც 200 000-იანი მასშტაბის რუკაზეა. ქართული მხარე თუ სარგებლობდა, მას მიწათსარგებლობა უნდა ჰქონოდა, ეს საბჭოთა კავშირის დროს ეჭვგარეშე იყო, ან კოლმეურნეობას უნდა კუთვნებოდა, ან საბჭოთამეურნეობას და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესენი არ გაქვს და ჰაერზე ამბობ, თურმე, რაღაც ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდა, სულ მცირე დილეტანტიზმია, თუ არადა, მიზანმიმართული სიცრუეა აწყობილი, რათა საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით მოწმეები ჩვენების მიცემისას ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ აზერბაიჯანული და ქართული დელეგაციები დავით გარეჯის მონასტერში შეიკრიბნენ და ამ საკითხზე იქ მსჯელობდნენ, რადგან მუსლიმები ამას არ იზამდნენ.

„მოწმეთა ჩვენებებია მოყვანილი, ისეთი ტყუილებია მითითებული, პირველი კურსის იურისტს ეჭვი შეეპარებოდა. თურმე, აზერბაიჯანის დელეგაცია ჩვენს დელეგაციასთან ერთად შეკრებილა დავით გარეჯის მონასტერში, იქ რუკები გაუშლიათ და მამაოებთან ერთად დაუწყიათ მისი განხილვა, თან აზერბაიჯანის დელეგაციაში ვიღაც ქალბატონი ყოფილა. იცით რაშია საქმე? მუსლიმები არიან, წარმოუდგენელი რამეა, მათი შეკრება მონასტერში მომხდარიყო, ეს იგივეა, აზერბაიჯანში შეხვედრაზე რომ გადავდივართ, მეჩეთებში შევიკრიბოთ. ამას გარდა, აზრბაიჯანის დელეგაციაში ქალი არ ჰყოლიათ, პირადად, მე ასეთი რამ არ მახსოვს. ამას ხომ მოგონება უნდა, ტყუილი უნდა შეთხზა, გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი იძიებს, რიგითი პატარა გამომძიებლები ხომ არ არიან? ეს ყველაფერი იმას მაფიქრებინებს, რომ მიზანმიმართული ქმედებაა“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.