ივერი მელაშვილი - ბევრი დადებითია იმაში, რომ ოპოზიცია არ აძლევს ლეგიტიმაციას პარლამენტს
ივერი მელაშვილი - ბევრი დადებითია იმაში, რომ ოპოზიცია არ აძლევს ლეგიტიმაციას პარლამენტს

მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, მაგრამ ვიღაცამ რომ მიიწეროს დამსახურება, აი, მე დავაყენე საკითხი და ამის გამო შევალ პარლამენტში, ვფიქრობ, არასწორია, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი დადებითია იმაში, რომ ოპოზიცია პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს.

„არ მინდა, ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე. ამიტომ, ვთხოვდი, გინდათ, ელისაშვილს, ან ვინც გინდა იყოს – დიდი მადლობა, ბატონებო მხარდაჭერისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება. რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ის მოლაპარაკება. ასე მიაღწევს ქვეყანა წარმატებას. თუ ვერ ასრულებთ, დაანებეთ თავი იმას, რომ ივერი მელაშვილი გამოუშვეს და ახლა მე ავდგები და პარლამენტში შევალ. თუ გინდათ, უკან წავალ, წამიყვანონ უკან და ჩავჯდები. ძალიან ბევრი დადებითია იმაში, რომ არ შედიან, არ აძლევენ ლეგიტიმაციას პარლამენტს. გაყალბება მოხდა, ასე მიიჩნევენ. ეს არის ერთიანი, ხალხის გადაწყვეტილება. თითოეული პარტია ვალდებულია, რომ მოლაპარაკება დაიცვას. მომხრე ვარ, როდესაც რაღაცას მოილაპარაკებს ადამიანთა ჯგუფი, ეს მოლაპარაკება უნდა შეასრულოს“,- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს. მელაშვილსა და ილიჩოვას ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.