ივერი მელაშვილი – ჩემი სატელევიზიო განცხადებები რომც გამოიყენონ, მერე რა, ყველაფერს აქვს თავისი პასუხი
საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულის, ივერი მელაშვილის თქმით, დავით გარეჯის საკითხზე მისი სატელევიზიო განცხადებები საქმეს მტკიცებულებად რომც დაერთოს, ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
ამის შესახებ მელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზეა ლაპარაკი, სატელევიზიო განცხადებები არ ვიცი. ყველა სიტყვას აქვს თავისი პასუხი. რომც გამოიყენონ, მერე რა, ყველაფერს აქვს თავისი პასუხი“, – განაცხადა მელაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „რას გულისხმობდით სატელევიზიო გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაში – „როგორ არის დავით გარეჯი შენი, როცა შენი არ არის“, მელაშვილი პასუხობს: „ვგულისხმობდი იმას, რასაც ვგულისხმობდი იმთავითვე“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა ამწუთებში მიმდინარეიბს.
დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ ცნობილი გახდება მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ. ცნობილია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილის მიერ, გირაოთი გათავისუფლების შემდეგ გაკეთებული სატელევიზიო განცხადების საქმეზე მტკიცებულებად დართვას ითხოვს.
ამასთან, სავარაუდოდ დღესვე გადაწყდება, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე.
2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო „სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.