ივერი მელაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის განცხადებას, რომ მან 1995-1996 წლებში არსებული პოზიცია, რომლითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორია იყო, 2006 წელს შეცვალა
ივერი მელაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის განცხადებას, რომ მან 1995-1996 წლებში არსებული პოზიცია, რომლითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორია იყო, 2006 წელს შეცვალა

ივერი მელაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის განცხადებას, რომ მან 1995-96 წლებში არსებული პოზიცია, რომლითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორია იყო, 2006 წელს შეცვალა. თუმცა საქართველოს პირველ არხთან საუბარში მელაშვილმა დაადასტურა, რომ მას ჩამოართვეს 1995-96 წლის დოკუმენტები, სადაც აფიქსირებს რომ დავით გარეჯი სრულად საქართველოა.

მელაშვილი პროკურორის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქმეში დევს 1995 და 1996 წლებში მელაშვილის მიერ ხელმოწერილი ოქმი და მის მიერ შედგენილი ალბომები, სადაც საქართველოს სასიკეთო პოზიციაა დაფიქსირებული, რომელიც მოულოდნელად 2006 წელს შეიცვალა და საზღვრები შეთანხმდა ისე, რომ მონასტრის ნაწილი უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

მელაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს საზღვრების თემაზე პროკურატურის განცხადებები მნიშვნელოვნად აზიანებს.

„არავითარი პოზიცია არ არის შეცვლილი. ეს არის პროცესის მიმდინარეობა ჩვეულებრივად და თუნდაც პროკურატურის ეს განცხადება, რომელიც მე არ მომისმენია არის საზიანო“, – განაცხადა მელაშვილმა.

საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას 1995 წელს მოწერილი ხელი ოქმზე და შეადგინა თუ არა 1996 წელს საზღვრის აღმნიშვნელი ხაზების ალბომები ისე, რომ დავით გარეჯის მონასტერი სრულად საქართველოს ტერიტორიაზე იყო, მელაშვილმა, ასე უპასუხა: „დავით გარეჯი რომ საქართველოს ტერიტორიაა და უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, ამაზე ლაპარაკი არ არის. ზუსტადაც მაგიტომ იყო სამუშაოები დაწყებული, რომ ქართული მხარის მიდგომის მიხედვით, ბერთუბნის მონასტერი მოქცეულიყო“, – განაცხადა მელაშვილმა.

კიდევ ერთხელ დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა 1995-96 წლებში პოზიცია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიად მიაჩნდა, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, 2006 წელს შეცვალა, მელაშვილმა აღნიშნა: „მერე რა გინდათ, მაგის შემდეგ რა უნდა ბატონ პროკურორს? თვითონ იცის, თვითონ აქვს პოზიცია, ჩამორთმეული აქვს ჩემთვის ის ალბომები და თვითონ უდევს. მერე რა არის? მაგის შემდეგ რა არის?“, – განაცხადა მელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ პროკურატურის მტკიცებით, შეიცვალა მან პოზიცია 2006 წელს და ამას ადასტურებს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი, სადაც ივერი მელაშვილი სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მოქმედ წევრს, მალხაზ მიქელაძეს ესაუბრება და ამბობს, რომ პოზიციის ცვლილებას არ ეთანხმებოდა და მაშინდელ კომისიის თავმჯდომარეს, გოგი მანჯგალაძეს ურჩევდა, ისე არ შეეთანხმებინათ საზღვრები, რომ მონასტრის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო. მელაშვილმა ფარული ჩანაწერის შინაარსი ასე განმარტა.

„ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაცა ფართობი დაკარგა ქვეყანამ. ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ჯერ სამუშაოები მიმდინარეობს და ნუ ამჟღავნებს ნურავინ და მით უმეტეს ეს პროკურორები, ვინ რა შეცვალა და როგორ და რანაირად, თუ უნდათ რომ ქვეყნის ინტერესებს არ ავნონ. ეს არის ურაპატრიოტული განცხადებები, რომ ვნებს ქვეყნის ინტერესებს, მეტი არაფერი. საქართველოს პოზიცია ყოველთვის არის მიმართული იქით, რომ ჩვენი ტერიტორიები იყოს დაცული. ის რას შეძლებს და რას გაატარებს, დამოკიდებულია ქვეყანაზე და არა მარტო კომისიაზე. პოზიცია შეცვლილი პირდაპირ არ გახლავთ. ეს მოლაპარაკებების შედეგები რაც არის, რაღაცა მიღწეულია, რაღაცა ვერ არის მიღწეული – ეს სხვა თემაა. თუ კითხვა უნდა პროკურორმა ისე დასვას, როგორც საჭიროა. ასე ტელევიზიით რაღაცის გაჟღერება ვიღაცამ რაღაცა პოზიცია შეცვალა და ასე შემდეგ, მიუღებელია“, – განაცხადა მელაშვილმა.