ივერი მელაშვილი - არ არსებობს ჩვენ საწინააღმდეგოდ ბრალდების მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება
ივერი მელაშვილი - არ არსებობს ჩვენ საწინააღმდეგოდ ბრალდების მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულის, ივერი მელაშვილის თქმით, პროკურატურას მის და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ რამე მტკიცებულება არ წარუდგენია.

აქედან გამომდინარე, მელაშვილი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ გათავისუფლდება.

„ვფიქრობდი, რომ საერთოდ აქედანვე უნდა გავთავისუფლებულიყავით, რადგან არ არსებობს ბრალდების მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ჩვენს საწინააღმდეგოდ. ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ გავთავისუფლდე. საკითხები არსებით განხილვაზე იქნება განხილული“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისწინაარმდეგ სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიცა. საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს იგეგმება. ამასთან, მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. მათ შორის, საქმეს დაერთო დავით გარეჯის თემაზე ივერი მელაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული განცხადებები.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. ისინი ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

დატოვე კომენტარი