ივერი მელაშვილი - 200-ათასიანი მასშტაბის რუკა ხარვეზიანია და თითქოს პროკურატურამ ექსპერტიზით დაადგინა, რომ ის უხარვეზოა, ტყუილია
ივერი მელაშვილი - 200-ათასიანი მასშტაბის რუკა ხარვეზიანია და თითქოს პროკურატურამ ექსპერტიზით დაადგინა, რომ ის უხარვეზოა, ტყუილია

200-ათასიანი მასშტაბის რუკა ხარვეზიანია და თითქოს პროკურატურამ ექსპერტიზით დაადგინა, რომ ის უხარვეზოა, ტყუილია, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურამ არა რუკის ანალიზი, არამედ გაყალბებისკენ მიმართული ქმედება გააკეთა.

„პროკურატურის დავალებით, ექსპერტიზამ ის დავალება გაყალბებისკენ მიმართა. მეტი არაფერი. კერძოდ, მათ ერთი შეუსაბამო, ყოვლად გამოუსადეგარი რუკიდან მოხსნეს ერთი ელემენტი, საზღვრის ხაზი, დაადეს ის მეორე რუკაზე საზღვრის ხაზს და დაიწყეს მსჯელობა ფართობების დანაკარგზე“, – განაცხადა მელაშვილმა.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადებული დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, თენგიზ გორდეზიანი კი აცხადებს, რომ 1938 წლის 200-ათასიანი რუკა, რომლის არგამოყენებასაც ივერი მელაშვილს ედავებიან და რომელზეც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სრულად საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული რელევანტურია და შეცდომაა 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის მხრიდან მისი არ გამოყენება. ივერი მელაშვილი გორდეზიანის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„თუ ბატონ გორდეზიანს მიაჩნია, რომ ამ რუკის გამოუყენებლობა შეცდომა იყო, უკაცრავად, მაგრამ მე სულ სხვანაირად მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ მაგ რუკის გამოყენება არავითარი შედეგის მომტანი არ არის და საზიანოც არის ქვეყნისათვის. გამოუყენებელია რუკა, რადგან ჯერ რაღაცას რომ იყენებ, იმის ანალიზი უნდა გააკეთო. არავის გაუკეთებია ამ რუკის ანალიზი. ჩვენ ზუსტად მაგ მოტივით არ გამოვიყენეთ, რომ გავაკეთეთ ანალიზი და მივხვდით, რომ ამისი გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო“, – განაცხადა მელაშვილმა.

კარტოგრაფი თენგიზ გორდეზიანი, რომელმაც 200-ათასიან მასშტაბის რუკაზე ექსპერტიზა ჩაატარა, პირველ არხთან საუბარში აცხადებს იმასაც, რომ თუ კომისიამ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრების შეთანხმებისას 200-ათასიანი მასშტაბის რუკით არ იხელმძღვანელი, უნდა გამოეყენებინა 1938 წლის 500-ათასიანი მასშტაბის კარტოგრაფიული რუკა, რომელიც არქივში იძებნება და არა ამ რუკის მონახაზი, რომელიც ექსპერტის შეფასებით ფარატინა ფურცელია. ივერი მელაშვილი გორდეზიანის ამ განცხადებასაც ეხმაურება.

„ეს განცხადება ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს და ნამდვილად ვერ დავეთანხმები ბატონ გორდეზიანს, მაგრამ გეტყვით ერთს – კომისიამ იხელმძღვანელა 100-ათასიანი მაღალი ხარისხის 1942 წლის ტოპოგრაფიული რუკებით და მასზე დაბეჭდილი საზღვრის ხაზით, რომელიც შესაბამისობაშია 500-ათასიანი მასშტაბის რუკებზე დამტკიცებული საზღვრის ხაზთან. რაც შეეხება პროკურატურის და გორდეზიანის განცხადებებს, რომ 200 ათასიანი რუკა უნდა გამოეყენებინათ, არ უნდა გამოგვეყენებინა. მისი გამოყენება გაუმართლებელია. ვინც ასე ფიქრობს, დაჯდეს მაგიდასთან და თავად ჩაუტარონ ამ რუკას ანალიზი და არა ის, რომ მოჭრან იქიდან ერთი საზღვრის ხაზი, დაადონ სხვა მეორე რუკას და იმსჯელონ რაღაც ტერიტორიულ დანაკარგზე, ან რაღაც სისულელეებზე. ეგენი არიან მოწადინებული გაყალბებისკენ“, – განაცხადა მელაშვილმა.

მისი თქმით, როგორ არის რელევანტური 200-ათასიანი მასშტაბის რუკა, როდესაც არავითარ სხვა მასალას არ ედრება და მასზე უამრავი შეცდომებია – ერთი წერტილი არსებული ადგილისგან განსხვავდება 300-400 მეტრით.

კითხვაზე, იმით, რომ როგორც პროკურატურა ამტკიცებს, კომისიამ 1996 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებისამებრ, არა 1938 წლის რუკებით, არამედ 1942 წლის რუკებით იხელმძღვანელა, დაირღვა თუ არა ორ ქვეყანას შორის შეთანხმება, ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ, პირიქით. „არაფერი არ დარღვეულა, პირიქით, 42 წლის რუკებზე დაბეჭდილი საზღვრის ხაზი ასახავს ზუსტად 500-ათასიან მასშტაბის რუკებზე დამტკიცებულ საზღვრის ხაზს. თუ უნდათ, მაგის ანალიზიც გააკეთონ“, – განაცხადა მელაშვილმა.

მელაშვილის თქმით, მისი ბრალდების საქმეზე სასამართლო განხილვისას აქვს მოლოდინი, რომ გამართლდება.

„უნდა გაირკვეს მტყუან-მართალი და ბოლო მოეღოს ამ შეუსაბამო კინკლაობებს. ვერავინ ვერაფერს დამიმტკიცებს, რადგან ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. პიროვნულად ვერც მე და ვერც სხვას დაგვიმტკიცებენ, მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის საზიანო მოქმედებებს, დაანებოთ თავი”, – განაცხადა მელაშვილმა.