ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წელს ზემოთ და მაღალი რისკის პროფესიის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი
ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წელს ზემოთ და მაღალი რისკის პროფესიის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი

ვაქცინის მესამე  დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაიტარონ.

„გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა უცხოეთში სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე და ისინი ითხოვდნენ აცრას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში. ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია ამ დოზებით.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციების თანახმად, განსხვავებული ვაქცინით აცრა დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. ამდენად, ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ განმეორებითი ვაქცინაცია იმ პირებისთვის, რომლებსაც ექნებათ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით. ვაქცინა შეიძლება იყოს „ფაიზერი“ ან ნებისმიერი სხვა, რომელსაც ქვეყანა, სადაც პირი მიემგზავრება, იღებს.

ამისთვის პირებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის მიხედვითაც მოხდება ვაქცინაციის დაგეგმვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ბუსტერის გაკეთება შესაძლებელია იმ ვაქცინით, რომელიც ქვეყანაში ხელმისაწვდომია.

„არის არჩევანი, შეგიძლიათ, ბუსტერი გაიკეთოთ „სინოფარმით“, შეგიძლიათ, გაიკეთოთ „ფაიზერით“, დღეს რა ვაქცინებიც გვაქვს ქვეყანაში, იმ ვაქცინით“, – განაცხადა გამყრელიძემ.