ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის მებაჟე-ოფიცრებს მადლობა გადაუხდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში გაიმართა, შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისკენ.
როგორც მან აღნიშნა, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მოეწყო 11 საიზოლაციო სივრცე, სადაც ხდება მაღალი რისკჯგუფის მქონე პირების გადაყვანა (მათ ვისაც უფიქსირდებათ ვირუსით ინფიცირების სიმპტომები); დამონტაჟდა დისტანციური თერმოსკანერები და თერმოსკრინინგი უტარდება საქართველოში შემომსვლელ ყველა პირს, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში დამონტაჟდა 14 საველე კარავი, სადაც ხორციელდება საქართველოში შემომსვლელი პირების ტესტირება.
ამასთან, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობა დაიწყო სპეციალურად შექმნილმა ეპიდემიოლოგების ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტდა 28 ეპიდემიოლოგით და 50 ოპერატორით, დაიწყო საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლთა ტესტირება. ტესტირებულ მძღოლთა რაოდენობა შეადგენს 146 700 ადამიანს, საიდანაც გამოვლინდა ინფიცირების 3 260 შემთხვევა, გაფართოვდა ელექტრონული სერვისების არეალი, რომელთა ფარგლებში საბაჟო გაფორმების პროცედურები ხორციელდება დისტანციურად.
„პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მებაჟე-ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მათზე დაკისრებული ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების პირნათლად შესრულებას, რისთვისაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.