ივანე მაჭავარიანმა გიგა ბოკერიას მიმართა - ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24 პროცენტზე ავიდა, მაგრამ არ ვარ თქვენნაირი პოპულისტი
ივანე მაჭავარიანმა გიგა ბოკერიას მიმართა - ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24 პროცენტზე ავიდა, მაგრამ არ ვარ თქვენნაირი პოპულისტი

მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24 პროცენტზე ავიდა, მაგრამ არ ვარ პოპულისტი, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვას.

გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა: „რატომ არის მთავრობის ლოზუნგი საპენსიო შენატანზე ან დედოლარიზაციაზე, რომ ხალხს ეუბნებიან, მოიქეცით როგორც ჩვენ გეუბნებით და არა ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით. რატომ არის ასეთი ცინიკური და ფარისევლური მორალი, როცა გვეუბნებით, რომ ჩვენზე უკეთ დახარჯავთ ფულს და ზრდა რომ არ არის საკმარისი ეს არის გარემოების ბრალი, რომ თქვენზე უფრო ჭკვიანები ვართ და თქვენ ხართ ბავშვები, რომლებზეც ჩვენ ვიზრუნებთ“.

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გადასახადების ზრდა არ მომხდარა.

„ბოლო წლების განმავლობაში, საგადასახადო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 25 პროცენტის ფარგლებშია ისე, რომ გადასახადების გაზრდა, განაკვეთების გაზრდა არ მომხდარა. ის, რომ 0.1, 0.2 პროცენტით იზრდება, ეს არ არის ცუდი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრირების ხარჯზე, ჩვენი ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილიც, რომელიც ვიცით, რომ არსებობს, ის მცირდება. ეს არის ზუსტად პროდუქტიულობა, გადასახადების მობილიზების უნარი ისე, რომ ერთი მხრივ, განაკვეთებს არ შეეხო, არ გაზარდო და მეორე მხრივ, გადამხდელს არ გაურთულო პროცედურები. ამ მიმართულებით, არა თუ პროცედურები არ გავართულეთ, ავტომატურ რეჟიმში ვაბრუნებთ დღგ-ის და შარშან 520 მილიონი დავუბრუნეთ. რაც შეეხება როდის მოხდა ტვირთის ზრდა – გაგიკვირდებათ და მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს 12 პროცენტიდან 24 პროცენტზე გაიზარდა საგადასახადო ტვირთითქო, მაგრამ არ ვიტყვი, არ ვარ პოპულისტი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ამ პერიოდში მოხდა გადასახადების განაკვეთების შემცირება, ზოგიერთი გადასახადის გაუქმება, მაგრამ პროდუქტიულობის ხარჯზე 12-დან 24 პროცენტზე ავიდა, რაც დადებითი მოვლენა იყო.

„რაღა 25.5-დან 25.6-მდე რომ ავიდა, ეს არის ტვირთის გაზრდა? 12-დან 24-მდე რომ ავიდა, მას არ გსაყვედურობთ და 25.5-დან 25.6-მდე რომ გაიზარდა მაგას გვსაყვედურობთ, ნამუსი აღარ არის ხალხო? 12-ზე ჩამოვალ თუ გინდათ. გავიგეთ ბატონო გიგა, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად. კონცეპტუალურად უფრო გამართული უნდა იყოთ“, – მიმართა ფინანსთა მინისტრმა გიგა ბოკერიას.