ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა უახლოეს მომავალში პარლამენტში ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც პენსიები ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა უახლოეს მომავალში პარლამენტში ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც პენსიები ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება

მთავრობა უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც საქართველოში პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად გაიზრდება.

პენსიების ინდექსაციის ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, ეს თემა წლების განმავლობაში იდგა დღის წესრიგში.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გაქვს შემდეგი მიდგომა – პენსიების წლის დასაწყისში დაანონსებული მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან ყველა პენსიონერისთვის უკვე შემდგარი ფაქტია; ასევე შემდგომი მატება 70 წელს გადაცილებული პენსიონერისთვის 30 ლარის ოდენობით პირველი ივლისიდან შევა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი განიცდის საკმაოდ დიდ გამოწვევებს, არათუ უარი არ ვთქვით ამ ინიციატივაზე, არამედ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ მოცემულობაში ეს მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. გარდა ამისა, არის ინდექსაციის ნაწილი – წესი, როგორ უნდა გაიზარდოს პენსიები საქართველოში სამომავლოდ“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში ქვეყანაში აღნიშნული საკითხი სპეკულაციების საგანი იყო.

„ვისაც არ ეზარებოდა, სპეკულირებდა ამ თემით, ზოგჯერ ამბობდნენ, რომ 300 ლარამდე გაზრდებოდა პენსია, ზოგჯერ 400 ლარამადე და ა.შ. გადავწყვიტეთ, სამომავლოდ შევიმუშაოთ წესი, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს, რომ ავტომატურ რეჟიმში, ყოველწლიურად პენსიონერებს გაეზარდოთ პენსია არა იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში, ვინ მეტად ან ნაკლებად პოპულისტია და ვინ რამდენად არის მოკლევადიან ამოცანებზე ორიენტირებული, არამედ იყოს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი წესი. ამ ინიციატივით ჩვენ, საქართველოს მთავრობა რამდენიმე დღეში შევალთ პარლამენტში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, რა ოდენობით გაიზრდება პენსია, ეს დამოკიდებული იქნება ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, საუბარია სულ მცირე, 20-25 ლარზე.

„ეს წესი შემდეგია: 70 წლამდე პენსიონერებისთვის სულ მცირე, უნდა მოხდეს პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წლის ზემოთ ინფლაციისა და პლიუს ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის გათვალისწინებით, თუმცა ასევ გვაქვს მინიმუმი დაწესებული აბსოლუტურ გამოსახულებაში, ეს არის 70 წლამდე პენსიონერებისთვის სულ მცირე, 20 ლარი, ხოლო 70 წელზე ზემოთ – სულ მცირე, 25 ლარი. თუ წინა კრიტერიუმები ამ მაჩვენებელს, 20-25 ლარს გადააჭარბებს, მაშინ ის არის ძალაში, თუ არა, გარანტირებულად 20-25 ლარით გაიზრდება პენსიები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში არც ერთ წელს არ გაზრდილა პენსია 20 ლარზე მეტი თანხით.

„საქართველოს ისტორიაში ერთ მოცემულ წელს პრაქტიკულად არასდროს ყოფილა, რომ 20 ლარზე მეტად გაზრდილიყოს პენსია. იყო წლები, როცა 20 ლარით იზრდებოდა და იყო წლები, როცა საერთოდ არ იზრდებოდა პენსია. ეს იმის მიხედვით ხდებოდა, თუ რომელი ხელისუფლება და რომელი მთავრობა რას წყვეტდა. ჩვენ გვინდა, ეს წესი შემოვიღოთ და ამ წესმა იმუშაოს ავტომატურ რეჟიმზე, ანუ მიუხედავად იმისა, რა არის პოლიტიკური კონიუქტურა, არის არჩევნების წელი თუ არა, ავტომატურ რეჟიმში პენსიონერს ყოველწიურად გარანტირებულად გაეზრდება პენსია – 70 წლამდე 20 ლარით, 70 წლის ზემოთ – 25 ლარით. სამომავლოდ, თუ ეკონომიკური ზრდა ან ინფლაცია იქნება უფრო მაღალი, მაშინ ეს თანხები შესწორდება ამ მაჩვენებლების მიხედვით და შეიძლება, იყოს მეტი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.