ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა არჩევნებს არ უკავშირდება
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა არჩევნებს არ უკავშირდება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს გააკეთა და აღნიშნა, რომ შემოდგომაზე მოხდებოდა ამ მიმართულებით საინტერესო წინადადებების წარმოდგენა.

მანამდე, როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ საკითხის მოგვარების აუცილებლობის შესახებ საუბრობდა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

„ამ საკითხზე, თუ არ ვცდები მაისში, ისაუბრა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ინტენსიური მუშაობა და ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა გადაჭრილიყო, დაიწყო გაზაფხულიდან, ასევე წინასწარ დაანონსდა, რომ იქნებოდა ახალი ინიციატივა შემოდგომაზე. ეს რომ არჩევნებს უკავშირდებოდეს, შესაძლებელი იქნებოდა, მისი არჩევნების პირველ ტურამდე მოგვარება, მაგრამ პროცესი არ იყო იოლი. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი მოთამაშე დაჯდა ერთ მაგიდასთან, როგორც ბანკები, ასევე ონლაინმსესხებლები და ე.წ. სესხების ამომღები კომპანიები.

კიდევ ვიმეორებ, ეს მოლაპარაკებები არ იყო იოლი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დროულად ჩაერთო ფონდი „ქართუ“, ურომლისოდაც მეეჭვება, ეს პრობლემა გადაჭრილიყო. მოლაპარაკებები გაგრძელდა და დასრულდა მაშინ, როდესაც მოხდა შეთანხმება და მემორანდუმის გაფორმება ძირითად ნაწილთან. თქვენ იცით, რომ საკუთრივ ტრანზაქცია, ვალების ჩამოწერა და „შავი სიის“ გასუფთავება მოხდება 15 დეკემბრის ანუ არჩევნების შემდგომ. შესაბამისად, მგონია რომ ამ საკითხის მობმა არჩევნებთან, არის თითიდან გამოწოვილი და აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.