ივანე მაჭავარიანი - ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ნებისმიერი გამოწვევისას, პირველ ადგილზე დავაყენებ ფისკალური სტაბილურობის დაცვას
ივანე მაჭავარიანი - ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ნებისმიერი გამოწვევისას, პირველ ადგილზე დავაყენებ ფისკალური სტაბილურობის დაცვას

მე, როგორც ფინანსთა მინისტრი პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ნებისმიერი გამოწვევისას, პირველ ადგილზე დავაყენებ ფისკალური დისციპლინისა და შესაბამისად, ფისკალური სტაბილურობის დაცვას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური პროფილის  საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაჭავარიანმა ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ სწორი ფისკალური პოლიტიკა მთავრობის ერთადერთი ინსტრუმენტია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.

მისი თქმით, ბოლო წლებში მიმდინარე ხარჯების მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შემცირდა. შედეგად, გაიზარდა მთავრობის დანაზოგები და შესაძლებელი გახდა მეტი რესურსის მიმართვა სახელმწიფო ინვესტიციებისკენ.

„ბუნებრივია, ნებისმიერი სამინისტროს თუ სექტორის სურვილები და საჭიროებები ყოველთვის აღემატება ბიუჯეტის შესაძლებლობებს. თუმცა, აუცილებელია და ფინანსთა სამინისტროს როლიც სწორედ ესაა,  მოხდეს რესურსებისა და საჭიროებების დაბალანსება. ერთი მხრივ, მაქსიმალურად სწორად და სამართლიანად გადანაწილდეს   არსებული რესურსები და მეორე მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი. ეს აუცილებელია, რათა ჩვენმა დღევანდელმა საჭიროებებმა არ შექმნას მომავალში ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, როგორც კი ამა თუ იმ ქვეყანაში იზრდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები, კერძო სექტორი არათუ ინვესტიციებზე ფიქრს წყვეტს, არამედ იწყებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და შემდეგ საწყის ნიშნულზე დასაბრუნებლად ხშირად წლებია საჭირო.