ივანე მაჭავარიანი - ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო
ივანე მაჭავარიანი - ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო

ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევაა, როდის და რა სახით დაიწყებს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას.

„ვფიქრობ, საპენსიო რეფორმა კარგად დაიწყო. არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ თითქოს ბიზნესი საკმარისად ინფორმირებული არ იყო. შესაძლოა, ამას ლეგიტიმური საფუძველიც აქვს. ზოგ შემთხვევაში, ბუღალტრები იყვნენ დაბნეულები, თუმცა საკმაოდ გვიან მოხდა სააგენტოს ფორმირება და მისმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ შეუძლებელი შეძლო. ნოემბერში პრაქტიკულად სააგენტო ფიზიკურად არ არსებობდა და ორ თვეში ვნახე გამართული ინსტიტუტი – როგორც ტექნოლოგიურად, ისე პროცესებით. მთავარი გამოწვევა მაინც იმ მიმართულებით დარჩება, თუ როდის და რა სახით დაიწყებს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში პირველ იანვარს ამოქმედდა.