ივანე მაჭავარიანი - ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ მოიტანა არგუმენტი, მთავრობის რომელმა კონკრეტულმა ნაბიჯმა განაპირობა ლარის რყევები
ივანე მაჭავარიანი - ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ მოიტანა არგუმენტი, მთავრობის რომელმა კონკრეტულმა ნაბიჯმა განაპირობა ლარის რყევები

ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ მოიტანა ვერც ერთი არგუმენტი,  მთავრობის რომელმა კონკრეტულმა ნაბიჯმა ან ეროვნული ბანკის რომელმა ნაბიჯმა განაპირობა ეროვნული ვალუტის რყევები, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსით მთავრობის ეფექტიანობის გაზომვა, სულ მცირე, უმეცრებაა, რადგან ნამდვილად არ ასახავს მთავრობის რეალურ ეფექტიანობას.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს თავისუფალი გაცვლითი კურსი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ის არის გარე ფაქტორების მიმართ მოწყვლადი. რასაკვირველია, ჩვენი ვალუტა ვერ დარჩება რეგიონში პროცესების მიმართ ნეიტრალური, ამიტომ პერიოდულად, მოკლევადიანი რყევები ახასიათებს. ვალუტის რყევა შეიძლება, მოხდეს ზედმეტი ხარჯების გაწევის დროს, ვიდრე დაგეგმილია ჭარბი ფისკალური პოლიტიკის შედეგად. ეს შეიძლება, ასევე, მოხდეს მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების შედეგად. დღეს, ორივე ეს პარამეტრი არის აბსოლუტურ ნორმებში. შესაბამისად, ვალუტის არსებული კურსი ეს არის საბაზრო ეკონომიკაზე რეაქცია,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივა მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა შედეგებზე, რასაც თავისუფალ გაცვლით კურსზე მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ხელოვნური ჩარევა გამოიწვევს.

„გვაქვს მეორე ალტერნატივა, რომ ეს რეაქცია საბაზრო ეკონომიკაზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, შევარბილოთ, გავაჩეროთ და ჩავერიოთ, მაგრამ ეს არ არის პასუხისმგებელიანი გადაწყვეტილება და მიდგომა, რომელიც გრძელ ვადაში რამე ტიპის შედეგს მოიტანს. შეიძლება, მოკლე ვადაში, რამდენიმე თვით ან ერთი წლით, ამ ნაბიჯებმა გააჩეროს კურსი ერთ ნიშნულზე, ასეთებიც ყოფილა წარსულში ჩვენს ქვეყანაში და სხვაგანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამის ფასს გადავიხდით დაბალი ეკონომიკური ზრდით, ნაკლები სამუშაო ადგილებით და ა.შ. ამიტომ აუცილებელია, შევინარჩუნოთ თავისუფალი მცურავი კურსი, განვავითაროთ ეკონომიკა და რეფორმები, რომელიც საბოლოო ჯამში, ამ რყევებს შეამცირებს. ამის პასუხი არ არის ჩარევა და პირდაპირ დოლარის გაყიდვა და დოლარის მიმოქცევაში ჩაშვება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი შეფასებით, ეს არ არის ნორმალური და ჯანმრთელი პროცესი, არამედ არის უპასუხისმგებლო და მოკლე ვადაზე გათვლილი მიდგომა.

„პასუხისმგებლიანი მიდგომა არის ლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გაგრძელება, რათა მოსახლეობა ნაკლებად იყოს მოწყვლადი კურსის რყევის მიმართ და ამავდროულად,  გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ზრდის ექსპორტს და აჰყავს ეკონომიკური ზრდა იმ დონეზე, რომელიც რეგიონში ყველაზე მაღალია. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, რყევები იყოს მინიმალური და მის მიმართ მოსახლეობის მოწყვლადობა იყოს დაბალი, გაგრძელდეს ლარიზაცია, ეკონომიკური რეფორმები, სწორი მაკროეკონომიკური მიდგომა, ასევე ფისკალური დისციპლინა. ეს არის ერთადერთი პასუხი, რომელიც გრძელ ვადაში იმუშავებს.  მეორე კი, არის პოპულისტური  – დღეს, ხვალ გავაჩეროთ კურსი, მაგრამ მაზეგ გაცილებით მძიმე შედეგი მივიღოთ, რომლითაც კურსიც გვერდით დაგვრჩება და სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, ამ მხრივ რაღაც ტიპის პრეტენზიები არსებობს და ეს ლეგიტიმურია.

„ზუსტად აქ არის მთავრი პასუხი ამ კითხვაზე – ერთია, რომ ამ წნეხის ქვეშ მთავრობა, ეროვნული ბანკი გადადგამს თუ არა პოპულისტურ ნაბიჯებს და ეცდება რომ ჩაერიოს, რათა თავიდან აირიდოს ეს მოკლევადიანი დისკომფორტი და რყევები, თუ მაინც მდგრადად და პრინციპულად გააგრძელებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელიც არის ერთადერთი სწორი და გრძელ ვადაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

დატოვე კომენტარი