ივანე მაჭავარიანი - ვცდილობთ, წლის ბოლომდე დასრულდეს იმ სესხების ჩამოწერაც, რომელიც სასამართლოსთვისაა გადაცემული
ივანე მაჭავარიანი - ვცდილობთ, წლის ბოლომდე დასრულდეს იმ სესხების ჩამოწერაც, რომელიც სასამართლოსთვისაა გადაცემული

სასამართლოსთვის გადაცემული სესხების ჩამოწერის საკითხი შედარებით დროში გაჭიანურებული პროცესია, თუმცა ვცდილობთ, წლის ბოლომდე ესეც დასრულდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სესხების მოთხოვნა უნდა შეწყდეს და სასამართლოდან გამოთხოვილი უნდა იქნეს.

„რაც შეეხება ვალებს, რომელიც არის გადაცემული სასამართლოში, ვცდილობთ, ესეც წლის ბოლომდე დასრულდეს. უნდა შეწყდეს მოთხოვნა მათზე, გამოითხოვონ სასამართლოდან და მერე ჩამოიწეროს. შესაბამისად, ცოტა დროში გაწელილი პროცესია, თუმცა არ არის დიდი ციფრები და ესეც ზუსტდება. ძირითადი ნაწილი დღეისთვის ატვირთულია. ველოდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იგივე ინტენსივობით და 600 ათასს შესაძლოა, გადააჭარბოს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, 600 ათასი იყო სავარაუდო ციფრი, რომელიც შეიძლება, მნიშვნელოვნად გაიზარდოს. შემცირება კი, ნაკლებსავარაუდოა.

„ვისაც ეხებოდა აღნიშნული ინიციატივა – 2000 ლარამდე მოცულობის და 2018 წლამდე გაპრობლემებული სესხი, ამის ბაზა დაჯამდა და ციფრი გამოიკვეთა, რომ დაახლოებით ამდენი უნდა იყოს. შემდეგ სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ, ეს ციფრი იცვლება ყოველდღიურად, მუდმივი დინამიკაა. როდის დასრულდება პროცესი, კითხვა ტექნიკურია. ძალიან დიდი ციფრია. საკითხი არის იმაზე, რომ ყველა ბაზა არ არის მოწესრიგებული და ყველა ერთ ფორმატში არ არის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, სავარაუდო თანხა იყო, რომ მილიარდ ნახევარი ლარი იქნებოდა ჯამურად პრობლემური სესხების პორტფელი, მაგრამ ჩანს, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად მაღალი იქნება.

„რა თანხაში და რა პირობებით მოხდა გამოსყიდვა, ეს არის კერძო გარიგების საგანი და ამაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სესხების განულების ინიციატივის ვებგვერდზე vali.ge დღეს და ხვალ სამი ბანკის მომხმარებელთა მონაცემები აიტვირთება: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.