ივანე მაჭავარიანი - უნდა შევთანხმდეთ, არ დაწესდეს ახალი საგადასახადო შეღავათები, ხოლო არსებული გადაიხედოს სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით
ივანე მაჭავარიანი - უნდა შევთანხმდეთ, არ დაწესდეს ახალი საგადასახადო შეღავათები, ხოლო არსებული გადაიხედოს სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით

ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ფისკალური კონსოლიდაციისა და მის შედეგად, ვალის შემცირების გზად დამატებითი რესურსების მობილიზება დაასახელა.

„არ უნდა ავიღოთ რისკების მქონე ახალი ვალდებულებები, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით, რომელიც მომავალში ბიუჯეტზე ზეწოლას გამოიწვევს, არსებულ რისკებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი და შემცირდეს მათი მატერიალიზაციის ალბათობა. ფისკალური რისკების სწორად მართვა მომავალში დაგვიცავს დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან“, – განაცხადა მან.

დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის მეორე მიმართულებად ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დაასახელა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული საწარმოების კომპლექსური რეფორმის შედეგად, ეს საწარმოები უნდა გახდნენ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კომპანიები და ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდოს მათი დივიდენდებით.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია საგადასახადო შემოსავლების ზრდა.

„აქ არ იგულისხმება ის, რომ ხვალ რომელიმე გადასახადი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, თუმცა აუცილებელია, ამ მიმართულებით ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ, რის ხარჯზე შეიძლება, გავზარდოთ შემოსავლები. როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ არ უნდა დაწესდეს ახალი შეღავათები, ხოლო არსებული შეღავათები უნდა გადაიხედოს მათი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით. სამსჯელოა საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მნიშვნელოვანი შეცვლა ან საერთოდ გაუქმება. კომპანიების ხელშეწყობის გაცილებით უკეთესი საშუალება იქნება გაკოტრების ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკაში უკვე მიმდინარე წლიდან ამოქმედდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია განვითარებულ ქვეყნებში არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული სისტემების გაუმჯობესება, მეტ ინფორმაციაზე წვდომა და მათი ანალიზი, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის შემდგომი განვითარება და სხვა მექანიზმები, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაქსიმალური გამოვლენა, მათი თანაბრად და სამართლიანად დაბეგვრა.

დატოვე კომენტარი