ივანე მაჭავარიანი - უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს
ივანე მაჭავარიანი - უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს

უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა.

„2002 წლის შემდგომ, 2003 წლიდან, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს თავად მეთოდოლოგიაც, რომლითაც უმუშევრობა განისაზღვრება.

„მეთოდოლოგია არ არის სრულყოფილი, ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩვენ დინამიკას ვაკვირდებით. უნდა ითქვას, რომ კარგა ხანი დაგვჭირდება, რათა  მივაღწიოთ უმუშევრობის იმ დონეს, რომელიც ნორმალურ, ჯანსაღ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუმცა, შემცირების დინამიკის არ აღნიშვნა, ვფიქრობ, სწორი არ იქნება და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. ჩემს სიტყვაში უმუშევრობის მაჩვენებელი  თავმოწონებისთვის არ მითქვამს,  გავაკეთე მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია, რომ დინამიკა არის პოზიტიური და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა დღეს პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.