ვანო მაჭავარიანი - უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაზე ზღვარის შესაძლო შემცირების საკითხს ვაანალიზებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესო იქნება
ვანო მაჭავარიანი - უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაზე ზღვარის შესაძლო შემცირების საკითხს ვაანალიზებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესო იქნება

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაზე 200 ათას ლარიანი ზღვარის დაწესება თავის დროზე, იპოთეკური სესხის ამღებთა დასაცავად იქნა შემოღებული და მაშინ ამას თავისი მიზანშეწონილობა ჰქონდა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო 200 ათას ლარიანი ზღვარის 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირების საკითხს აანალიზებს.

„200 ათას ლარიანი ზღვარის შემოღების ლოგიკა და მიზანშეწონილობა იყო, რადგან ძალიან დიდია იპოთეკური სესხის ამღები ფიზიკური პირების რაოდენობა. ამ ზღვარში ექცეოდა ყველაზე გაყიდვადი ბინები, შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ ეს ადამიანები არიან ყველაზე მოწყვლადი, როდესაც კურსი მერყეობს. ამის დასაცავად იყო გაკეთებული“, – განმარტა მინისტრმა.

თუმცა, მაჭავარიანის განმარტებით, ახლა იკვეთება მეორე საკითხი, რომელიც მშენებლობის სფეროში ბიზნესაქტივობას უკავშირდება.

„ახლა არის მეორე არგუმენტი – მეტი ბიზნესაქტივობა შევიტანოთ ამ სფეროში, რომელიც ვფიქრობ, მშენებლობის სექტორში, ბოლო რამდენიმე თვეა, საკმაოდ წამოწეულია. ამ ორ საკითხს შორის არის გადასაწყვეტი. დოლარის დაკრედიტებას რომ მიეცეს გასაქანი, შესაძლოა, ცოტა მეტი სტიმული მიეცეს დარგს, თუმცა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია მსესხებელთა საკითხი, რომლებიც კრედიტს აიღებენ დოლარში. როგორც წესი, იპოთეკური სესხი მრავალწლიანია, 2022-2023 თუ 2027, ისევ დოლარზე ახდენს ზეწოლას და ამ ორს შორის არის დილემა. შესაბამისად, აღნიშნულის ანალიზი მიმდინარეობს. შევხედავთ, შესაძლოა, ზღვარი არ ჩამოვწიოთ. ჩვენ დაგვევალა ანალიზი და არ გამოვრიცხავ, რომ დავტოვოთ ეს ზღვარი. თუმცა ჯერ ორივე ვარიანტი დევს მაგიდაზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესო იქნება ქვეყნისთვის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მთავრობა უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხების 200-ათას ლარიანი ზღვარის შემცირების საკითხს განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს გასულ კვირაში დაავალა, საკითხი მთავრობისთვის განსახილველად წარადგინა.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 200 ათას ლარამდე სესხის აღება მიმდინარე წლის იანვრიდან მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. თავდაპირველად, აღნიშნული ზღვარი 100 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა 2018 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებებით, ზღვარი 200 ათას ლარამდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი