ივანე მაჭავარიანი - უცხოეთიდან მისაღები 1.5 მლრდ დოლარიდან 850 მილიონი უკვე ხელმოწერილია, წლის ბოლომდე თითქმის მთლიანი თანხა ჩამოვა
ივანე მაჭავარიანი - უცხოეთიდან მისაღები 1.5 მლრდ დოლარიდან 850 მილიონი უკვე ხელმოწერილია, წლის ბოლომდე თითქმის მთლიანი თანხა ჩამოვა

უცხოეთიდან მისაღები 1.5 მილიარდი დოლარიდან ამ ეტაპზე 850 მილიონზე ხელშეკრულებები ხელმოწერილია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის შემდეგ მედიის კითხვაზე, რა თანხები მიიღო დონორებისგან უკვე საქართველომ.

მისი თქმით, წლის ბოლომდე საქართველო თითქმის მთლიან თანხას მიიღებს.

„1.5 მილიარდიდან ამ ეტაპზე 850 მილიონი არის ხელმოწერილი, ნაწილი ჩამოსულია, ნაწილი ხელმოწერილია, რატიფიცირებას გადის ამ კვირაში და უახლოეს კვირებში ჩამოვა, ეს არის 850 მილიონი. დანარჩენის შემთხვევაში ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე ივნისი-ივლისის განმავლობაში, რაც ხელმოწერილია, ის ჩამოვა. წლის ბოლომდე თითქმის ყველა, მთელი თანხა ჩამოვა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ თანხის მობილიზება მეტობით მოხდა და თუ საჭირო არ გახდა, მთლიანი რესურსი წელსვე არ დაიხარჯება.

„ჩვენ რასაკვირველია, ეს სესხები და თანხის მობილიზება მეტობით გავაკეთეთ, ვემზადებოდით უფრო მძიმე სცენარისთვის. თუ ეს მძიმე სცენარი არ გათამაშდა, ჩვენ აღნიშნულ თანხას სრულად არ დავხარჯავთ ამ წელიწადში. ამ თანხის ნაწილი დაიხარჯება 2021 წელსაც, რათა არ მოგვიწიოს იქაც ძალიან დიდი ვალების აღება. ჩვენი მიზანია, არამარტო ჩავეტიოთ იმ პარამეტრში, რასაც ჰქვია 60 პროცენტაიანი შეზღუდვა, არამედ ნელ-ნელა 55-დან, რომელსაც მივაღწევთ, დავიწყოთ უკუსვლა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემდეგი წლების ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

დატოვე კომენტარი