ივანე მაჭავარიანი - თურქეთი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არამედ ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია
ივანე მაჭავარიანი - თურქეთი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არამედ ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია

თურქეთი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არამედ ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. დღეს მორიგ ნაბიჯს ვდგამთ ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მგზავრთა გადასასვლელი დერეფნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, რომელიც სარფში განხორციელდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა და კომფორტული გახდა საზღვრის კვეთა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნისათვის ესოდენ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ. დღეს, არავისთვის სადავო არ არის, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბაჟო ორგანოების შეუფერხებლად მუშაობა და საბაჟო სერვისების მაღალ დონეზე მიწოდება. ამისათვის, ჩვენი ხელისუფლება მუდმივად მუშაობს კანონმდებლობის დახვეწა-გამარტივებაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სერვისების განვითარებაზე. საქართველოში დღეს მოქმედი, ახალი საბაჟო კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, იგი პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ- გამარტივებულია საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები; ქართველ და ევროკავშირის წარმომადგენელ ბიზნესმენთათვის არსებობს ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები. არსებითად შემცირებულია საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები და დღეს უკვე ჩვენი ამოცანაა, სრულად დავნერგოთ ციფრული საბაჟოს კონცეფცია, რაც საბაჟოზე ყველა სერვისის ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს. თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურა, სერვისების შეუფერხებელი მიწოდება, საბაჟო პროცედურების ეფექტიანი მართვა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მოქალაქეებისა და უცხოელი ვიზიტორებისათვის. ამ მხრივ, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, სადაც პროცედურები დროის მოკლე პერიოდში, ერთი გაჩერების პრინციპით ხორციელდება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ყოველწლიურად, უშუალოდ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს რამდენიმე მილიონი ადამიანი და რამდენიმე ასეული ათასი ავტომობილი კვეთს.

მინისტრის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, რომელიც სარფში განხორციელდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა და კომფორტული გახდა საზღვრის კვეთა.

„უდავოა, რომ საბაჟო სფეროში პროდუქტიული საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობა, არსებითია ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისათვის, რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის. ჩვენი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია მეზობელ ქვეყნებთან ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის რეჟიმის ამოქმედება. ეს ნიშნავს საბაჟო კონტროლის მეტ ეფექტურობას, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საზღვარზე გადაადგილების გამარტივებას. ბუნებრივია, საერთაშორისო პროექტებში განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენს მეზობელ თურქეთთან თანამშრომლობა. თურქეთი არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არამედ- ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. დღეს მორიგ ნაბიჯს ვდგამთ ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად. ეს ნაბიჯი ემყარება ორმხრივ სურვილსა და შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდი ეკონომიკური ინტეგრაციის ფონზე, გაძლიერდეს საბაჟო სფეროში კოორდინაციაც. ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტური გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის, ასევე ელექტრონული ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლის შესახებ შეთანხმება. ძალზე მნიშვნელოვანია სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი თანამშრომლობა. პირველ რიგში, ეს ასევე გულისხმობს ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლას. სასურველია, სატრანსპორტო დოკუმენტების ჰარმონიზება და გაციფრულება, რის შედეგადაც მიიღწევა – საბაჟო პროცედურების გამარტივება. და ბოლოს, მადლობას ვუხდი ყველას, ვისი შრომითაც შესაძლებელი გახდა ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთობების გაღრმავებისთვის. წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს ქვეყნებს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.