ივანე მაჭავარიანი - ტურისტების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება, ჩამოვიდნენ, არის ძალიან მცირე, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კი რისკი საკმაოდ მაღალია
ივანე მაჭავარიანი - ტურისტების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება, ჩამოვიდნენ, არის ძალიან მცირე, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კი რისკი საკმაოდ მაღალია

ჩვენ სავარაუდოდ 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ეკონომიკისთვის, მათი ერთი პროცენტიც რომ იყოს ინფიცირებული, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხზე განუცხადა.

ფრენებთან დაკავშირებით მინდა, მოგახსენოთ. ბოლო დღეებში არის ძალიან ბევრი საუბარი იმაზე, თუ რატომ ვაგვიანებთ, რატომ არ ვხსნით. მინდა, ცოტა სიცხადე შემოვიტანო. თავისთავად, ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ჩვენ მოვხვდით იმ 14 ქვეყნის რიცხვში, რომლებთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოდ ჩათვალა მიმოსვლა, მაგრამ ევროკავშირის შიგნითაც, ევროკავშირის ფარგლებშიც კი, ყველა ქვეყანას ერთგვაროვანი მიდგომა არ აქვს. მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, რომ 30 სექტემბრამდე გადაავადოს და ჯერ კიდევ არ გახსნას საზღვრები. ჩვენც ვაკეთებთ ყოველდღიურ ანალიზს და ჩვენს ამ ნაწილში სიფრთხილეს აქვს შემდეგი ლოგიკა და შემდეგი ახსნა: ევროკავშირიდან დღეს ფრენებით საქართველოში რა რაოდენობის ადამიანიც შეიძლება, ჩამოვიდეს, ეს არის შედარებით მცირე რაოდენობა ადამიანების, იმ გაუარესებული სენტიმენტების, განწყობების გათვალისწინებით, რომლებიც ზოგადად არსებობს მსოფლიო ტურიზმთან და მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს ადამიანების საკმაოდ მცირე რაოდენობაა“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ეკონომიკისთვის ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია და არ აწყენს იმ ფონზე, როდესაც საერთოდ არ არის ქვეყანაში ტურისტი. თუმცა, მინისტრის განმარტებით, ტურისტების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება, ჩამოვიდნენ, არის ძალიან მცირე შარშანდელთან, ასევე წლის დასაწყისში 2020 წელთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებთან შედარებით. ამასთან, მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკი საკმაოდ მაღალია.

„მაგალითს მოგიყვანთ. ჩვენ სავარაუდოდ 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, უბრალოდ განცდისთვის გეუბნებით, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ეკონომიკისთვის. მათი ერთი პროცენტიც რომ ინფიცირებული იყოს, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს. მერე შეზღუდვები რომ არ დავაწესოთ, მთავრობა არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს, გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება. ამიტომ, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში, რისკი და სიკეთე მაინცდამაინც ვერ ბალანსდება. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ საერთოდ არ გავხსნით არავისთან? არა, ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, იქნება ეს ტესტირება, თუ სხვა ტიპის უსაფრთხოების წესები ისე დადგინდეს, რომ, პირველ რიგში, ავიცილოთ ეპიდემიოლგიური აფეთქება და მეორე რიგში, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ ეტაპისთვის ადეკვატური პრინციპია. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ერთი-ორი თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომა იქნება. იმის მიხედვით, ზოგადი სიტუაცია როგორ განვითარდება მსოფლიოში, გაუმჯობესდება თუ გაუარესდება, აქაც შეიძლება, გაცილებით უფრო გახსნილი და ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არის ზოგადი ფილოსოფია, რაც დგას იმის უკან, რატომ მეორე დღესვე არ გამოვვარდით და ყველა მიმართულებით ფრენები არ არის აღდგენილი. შეიძლება, ერთი და ორი თვე ვუყუროთ ამ რისკს, შევხედავთ. დღეს ამაზე ვერ გეტყვით. საბოლოო ჯამში, სელექტიურად შეიძლება გახსნა ისევ, ანდა კონტროლის სხვადასხვა პირობებით“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის პროგრამის გაგრძელების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას, ვანო მაჭავარიანის თქმით, ეს ფასების ხელმისაწვდომობას ემსახურება.

„ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს იქიდან, რომ ფასები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბრუნდებიან, ამ რთულ პერიოდში არ იყოს ძალიან მაღალი ფასები და გაუადვილდეთ სამშობლოში დაბრუნება“, – დასძინა ივანე მაჭავარიანმა.