ივანე მაჭავარიანი - თუ 1500 ადამიანის ბედი არ ანაღვლებთ, დაანებონ წარმოებას თავი და „ფეიკნიუსების“ ქარხანა გააკეთონ
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მას სურდა „ოჯითისთან” გამართულ შეხვედრას ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი დასწრებოდა.
„კარგად ვიცნობ მათ მოდგმას და იმიტომ… რომ ყოფილიყო საელჩოს წარმომადგენელი შეხვედრაზე, აი ამ მონტაჟის შერცხვებოდათ. მონტაჟითაც ვერაფერზე რომ ვერ გავიდნენ, ახლა რამდენიმე ადამიანისგან მოვისმინე, კრიტიკა ყოფილა სოციალურ ქსელებში, რა თბილად ელაპარაკა ფინანსთა მინისტრი ამათო… და რატომ უნდა მელაპარაკა უხეშად და ცივად ? ეს იყო ერთხელ, როდესაც მათი პატრონი თუ მფლობელი იყო მოსული. ელემენტარული მანერები ღალატობს ამ ადამიანს და ზრდილობასთანაც მწყრალად არის. იმ დროს მოხდა უხეში საუბარი.
ეს ორი კაცი იჯდა წყნარად, გუგულებივით, კი ჰქონდათ ეს ჩამწერები, მაგრამ კულტურულად იქცეოდნენ და შესაბამისად, წესიერად დაველაპარაკე. ასევე კულტურულად დაველაპარაკები ხვალ, არჩევნების მერეც. თუ უნდათ კომპანიის გადარჩენა, ვეუბნებით, რომ მივდივართ შემხვედრ ნაბიჯებზე და თუ არც ეს კომპანია ანაღვლებთ, არც ეს 1500 ადამიანი და ამ ინტრიგების გაგრძელებას აპირებენ, მაშინ ბიზნეს მოდელი შეცვალონ, დაანებონ წარმოებას თავი და გადავიდნენ ტყუილებისა და „ფეიკ ნიუსების“ ქარხანა გააკეთონ”,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.