ივანე მაჭავარიანი - „თიბისი ბანკი“ მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაციაა და ამ ინსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
„თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ამ ინსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო კუთხით „თიბისი ბანკის“ მიმართ კითხვები არ ჰქონია.
„თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ორგანიზაციაა ჩვენს ქვეყანაში, მაღალი რეპუტაციის მქონე. ამას ადასტურებს მისი ისტორია, ასევე ის, რომ არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ასე რომ, ამ ინსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე, არ ემუქრება საფრთხე საქართველოში ფინანსურ სისტემას და მის მდგომარეობას. ამ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო კუთხით არანაირი კითხვები არ გვქონია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ მიმართ არანაირი პრობლემა არ არსებობს და პროკურატურას დაბარებული ჰყავდა მისი რამდენიმე აქციონერი ტრანზაქციებთან დაკავშირებით.
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის. დარწმუნებული ვარ, ამ ინსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პროკურატურამ განაცხადა საჯაროდ, რომ ტრანზაქციების შესახებ რამდენიმე აქციონერი ჰყავდათ დაბარებული გამოკითხვაზე. დანარჩენი დაველოდოთ პროკურატურას“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. შესაბამისად, პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.