ივანე მაჭავარიანი - ტელევიზიები დაახლოებით 7 მილიონს იხდიდნენ შარშან, იმედი გვაქვს, ამჯერად მათგან არანაკლებ 17 მილიონით მეტი გვექნება მობილიზებული
ივანე მაჭავარიანი - ტელევიზიები დაახლოებით 7 მილიონს იხდიდნენ შარშან, იმედი გვაქვს, ამჯერად მათგან არანაკლებ 17 მილიონით მეტი გვექნება მობილიზებული

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ სისტემაში ე.წ. ხვრელი სამი ძირითადი მიმართულებით იყო – თამბაქო, საწვავი და ტელეკომპანიები, საქმე ეხებოდა ადმინისტრირების პრობლემას ან კანონმდებლობის ხარვეზს.

ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, სადაც უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში და გეგმები წარადგინა, ასევე დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, საწვავთან დაკავშირებით იყო თაღლითური სქემები. ასევე დიდ ე.წ. ხვრელს წარმოადგენდა მსხვილი ტელეკომპანიები, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადებს.

„მესამე ხვრელი, შედარებით პატარა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი, ტელევიზიებია. ჩემს მიერ წარმოდგენილ სლაიდებზე ჩანდა, რომ პრაქტიკულად 7 მილიონს იხდიდნენ შარშან, ვინც პატიოსნად იხდიდა. პირველი ოქტომბრიდან, როცა მოვთხოვეთ მიმდინარე გადასახადების გადახდა, უცებ 5 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ ტელევიზიებიდან, რომლებიც კაპიკს არ იხდიდნენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამჯერად ტელევიზიებიდან გვექნება არანაკლებ 17 მილიონით მეტი მობილიზებული. ესეც საკმაოდ სერიოზული ე.წ. ხვრელია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრი აცხადებს, რომ თავისი მასშტაბით, ე.წ. სატელევიზო ხვრელი არ არის იმ მოცულობის, რამხელაც თამბაქო და საწვავი, თუმცა ეს საკითხიც მოსაწესრიგებელია.

ამასთან, მაჭავარიანმა დღეს განაცხადა, რომ ტელეკომპანიები ხუთ წელში გრაფიკით სრულად გადაიხდიან გადასახადებს.