ივანე მაჭავარიანი - თავის დროზე გამოძიების შემთხვევაში, „თიბისისთან“ დაკავშირებით შესაძლოა, გადასახადების დამალვა გამოკვეთილიყო
ტრანზაქცია, რომლის შესახებაც გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, რეპუტაციულად მძიმეა, სამართლებრივად რამდენად მძიმეა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნულ ტრანზაქციაზე თავის დროზე უნდა გამახვილებულიყო ყურადღება.
„ნამდვილად ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა ადგილი ფულის გათეთრებას. ჩემი მხრიდან გეტყვით იმას, რომ თავის დროზე რომ მომხდარიყო ყურადღების მიქცევა და გამოძიება, დიდი ალბათობით, შეიძლება, საგადასახადო, ანუ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებული საკითხები ყოფილიყო. თუმცა, ამას დღეს აზრი არ აქვს, საქმე ხანდაზმულია. ძალიან კარგი იქნებოდა, გამოძიება თავის დროზე ჩატარებულიყო, რომ ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები აღარ ყოფილიყო. ესეც რეპუტაციის ნაწილია, არა სამართლებრივი, რადგან როგორც აღვნიშნე, ამ კუთხით ხანდაზმულობა ვრცელდება აღნიშმნუნულ წლებზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე ექსპერტული წრეები ეჭვქვეშ არ აყენებენ იმას, რომ ტრანზაქცია სულ მცირე, საეჭვოა.
„რა კავშირი აქვს ბოლო პერიოდის მოვლენებს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან, დღემდე ვერ მივხვდი. ტრანზაქციის შესახებ არის საკმაოდ ჩამოყალიბებული აზრი. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ექსპერტული წრეები, ეჭვქვეშ არავინ აყენებს, რომ ეს ტრანზაქცია არის როგორც მინიმუმ, საეჭვო და როგორც მაქსიმუმ, დანაშაულებრივი. რატომ და რა მიზეზით განხორციელდა შესაძლოა, ეს გასარკვევია და შესაძლოა, აქვს რამე ახსნა, თუმცა, რაც არის ზედაპირზე, ძალიან მძიმეა. 11 წლის მერე ვინ ვის რა მისწერა, ვის რა უჩურჩულა, როგორ შეიძლება, რომ ამან შეცვალოს ტრანზაქცია, რომელიც შავით თეთრზეა განხორციელებული“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ამასთან, მისივე შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უმაღლესი სტანდარტი შესაბამისად მოიქცა, როგორც პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ასევე ეთიკურად.