ივანე მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებაზე ინფორმაციას უარყოფს
ივანე მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებაზე ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამბაქო ძვირდება.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებით, საქართველო ევროკავშირის განაკვეთებს დაბეგვრის კუთხით უნდა გაუთანაბრდეს, ამ ვადებმა მინისტრის თქმით, 2026 წლამდე გადაიწია, თუმცა მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ ეს ვალდებულება 2026 წლის შემდეგ კიდევ გადავადდება.

​„თამბაქოც ასევე არასწორად იყო ინტერპრეტირებული. პარლამენტში ჩემი თამბაქოზე პრეზენტაცია, თითქოს რაღაც ძვირდება ან 15 ლარი გახდება, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. გეტყვით, თამბაქოზე რა მდგომარეობაა – ჩვენ გვქონდა ასოცირების ხელშეკრულებაში ვალდებულება აღებული 2014 წლიდან, თუ არ მეშლება, რომ უნდა გაუთანაბრდეთ დაბეგვრის კუთხით ევროკავშირის განაკვეთებს. პირველი დედლაინი, ანუ ვადა იყო 2022 წელი. ამის შემდეგ რასაკვირველია, იმის გათვალისწინებით, რომ არც სოციალური მდგომარეობა უწყობს ამას ხელს, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები განაკვეთს არ ზრდიან ისეთივე ტემპით, როგორიც ჩვენ, ხელახალი მოლაპარაკებების შედეგად ვადებმა გადაიწია 2026 წლამდე.

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 2026 წელს კიდევ გადავწევთ, რადგან, ევროკავშირის განაკვეთი საკმაოდ დიდი იქნება. ჩვენ ბიზნესსექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. მათ გავაცანით ორი წლის გეგმა და აღვუთქვით, რომ აქციზის ზრდა არ მოხდება. 2021 წლის ბოლოსაც გავაცნობთ კიდევ ორწლიან გეგმას.

რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ევროკავშირის მოთხოვნებთან, მგონია, რომ ჩვენ გვაქვს სივრცე, ეს ვადა კიდევ გადავწიოთ. იმედია, გათანაბრდება მაშინ, როდესაც ევროკავშირში შევალთ ან შესვლის წინ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა