ივანე მაჭავარიანი - სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის 2019 წელს 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა 
ივანე მაჭავარიანი - სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის 2019 წელს 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა 

სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, 2019 წელს ჯამში 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას.

მისი თქმით, უშუალოდ განათლების სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 135.5 მლნ ლარი.

„ამასთან, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე ჯამში მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მზადდება განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს განათლების ხარისხი, ეს კი, ადამიანური რესურსების განვითარებას უზრუნველყოფს.