ივანე მაჭავარიანი - სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ძალიან პოზიტიურ ტენდენციას ვხედავთ
ივანე მაჭავარიანი - სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ძალიან პოზიტიურ ტენდენციას ვხედავთ

სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ძალიან პოზიტიურ ტენდენციას ვხედავთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას შარშანდელის მსგავსი ეკონომიკური აქტივობები აქვს.

„ეს ნიშნავს, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც შარშან გვქონდა. ამავე დროს, უნდა უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა შეფასებით, ტურიზმის წილი ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით, 9-11 პროცენტია. ჩვენ სწორედ ეს მონაცემები დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად, შარშანდელ დონეზე ვართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წელს ეკონომიკას მივეცით სერიოზული ფისკალური სტიმული, ბიუჯეტის დეფიციტი გავზარდეთ 8,5 პროცენტით. ამ სტიმულის საფუძველზე მოხდა ნაწილობრივი კომპენსაცია იმ ეკონომიკური დანაკლისისა, რაც გამოიწვია ტურიზმის ვარდნამ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს და რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ, იყო ადეკვატური“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ შეფასებას ადასტურებენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

„მხოლოდ ჩემს სიტყვებს რომ არ დაეყრდნოთ, მოვიშველიებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პერიოდის ეკონომიკურ პროგნოზს, სადაც როგორც ფონდი აღნიშნავს, 2021-2025 წლებში მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დიდი მაჩვენებლით გაიზრდება – დაახლოებით, 5 პროცენტით. რეგიონი კი მოიცავს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ კავკასიას და დსთ-ის ქვეყნებს. ანუ მოლოდინია, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა 4-5 წელიწადში, რაც ნიშნავს, რომ აღდგენის პროცესი იქნება ყველაზე სწრაფი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, სექტემბერთან ერთად, საკმაოდ კარგი აქტივობაა ოქტომბერშიც, რასაც შენარჩუნება სჭირდება.