ივანე მაჭავარიანი - სავალუტო ფონდის კვლევაში ასახულია ბევრი ნეგატიური მომენტები, რომელთა აღმოფხვრაზეც აქტიურად ვმუშაობთ
ივანე მაჭავარიანი - სავალუტო ფონდის კვლევაში ასახულია ბევრი ნეგატიური მომენტები, რომელთა აღმოფხვრაზეც აქტიურად ვმუშაობთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს დღეს სავალუტო ფონდის იმ კვლევასთან დაკავშირებით კითხეს, რომელზეც პირველი არხის ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, სავალუტო ფონდის მიმოხილვა ეხება 2016 წელს, მაგრამ საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

„ეს არის მთავრობისა და სავალუტო ფონდის ერთობლივი ნამუშევარი. როდესაც რომელიმე მხარე თანახმა არ არის, კვლევა არ გამოქვეყნდება.  კვლევაში ასახული ბევრი ნეგატიური მომენტები სრულად არის გათვალისწინებული დღევანდელი ხელისუფლების მიერ და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მის აღმოფხვრაზე. კვლევაში იყო საუბარი დეფიციტზე, დასმული იყო კითხვები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე,  საგარეო ვალზე.  კვლევაში დასმული იყო კითხვები საშინაო და საგარეო ვალებზე, საუბარი იყო ფიზიკური პირების მაღალი დაკრედიტების მზარდ ტემპზე, რაც ერთ-ერთ რისკფაქტორად იყო აღიარებული”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, შეთანხმება ყველა პუნქტზე ვერ შედგა  და შესაბამისად, სავალუტო ფონდის კვლევა არ გამოქვეყნდა.

„მე ვერ შევაფასებ, სწორი იყო თუ არა, რომ არ გამოქვეყნდა. ჩემი აზრით, გამოქვეყნებაც დადებითი მოვლენაა, მთავარი მისი გათვალისწინებაა”, – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით,  არსებობს 2018 წლის 27 ივნისის მიმოხილვა, სადაც ბოლო წლებთან შედარებით საუკეთესო დასკვნაა მოცემული.

„რაც შეეხება ჭარბვალიანობას, ეს არის რისკფაქტორი, მისი ზრდის ტემპი ბოლო წლებში იყო ძალიან მაღალი. მთელი რიგი ღონისძიებები უკვე ჩატარდა. ჩვენ დაველოდებით  შედეგებს, მიდის თუ არა კლებისკენ. თუ საჭირო გახდა დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ. ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერიოდში არაფერი იგეგმება. ზოგადად, დინამიკას შევხედავთ, ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ჩავერევით”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა. ბიძინა ივანიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა ჭარბვალიანობის პრობლემაზე სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს.