ივანე მაჭავარიანი - საკითხი ისე კი არ დგას, გადაარჩენს თუ არა კანაფი საქართველოს, არამედ - ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს
ივანე მაჭავარიანი - საკითხი ისე კი არ დგას, გადაარჩენს თუ არა კანაფი საქართველოს, არამედ - ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს

საკითხი ისე კი არ დგას, გადაარჩენს თუ არა კანაფი საქართველოს, ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს, ეს შეიძლება დღეს კანაფის მოყვანასა და ექსპორტში იყოს, ხვალ – კულტურაში, ზეგ სხვა სფეროში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა განმარტა, საქართველოს გაუჭირდება, მაგალითად, გერმანიასა და იაპონიას კონკურენცია გაუწიოს მანქანათმშენებლობაში, მაგრამ ზუსტად ის ფაქტი, რომ კანაფის გადამუშავება და ექსპორტი ახალი დარგია, საქართველოს საშუალებას აძლევს, მოწინავე პოზიციები დაიკავოს.

„მთელი ამ წამოწყების ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის ინოვაციური მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაა. აქ პარალელს გავავლებდი ისეთ წამოწყებასთან, როგორიც არის ბლოკჩეინი. არ არის აუცილებელი, ინოვაცია იყოს ყოველთვის ციფრული, ინოვაცია შეიძლება იყოს როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე კულტურაში და ასე შემდეგ. ზუსტად ისეთი დარგებში, რომელთა ფორმირებაც ახლა ხდება, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიები, მედიცინა და ასე შემდეგ, გვაქვს გარღვევის ყველაზე მაღალი შანსი. ჩვენ თუ ვერ გავაკეთეთ ეკონომიკური გარღვევა, სიღარიბის გარღვევასაც ვერასდროს მოვახერხებთ. აქ საკითხი ისე კი არ დგას, კანაფი გადაარჩენს თუ არა საქართველოს, ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს. ეს შეიძლება დღეს კანაფის მოყვანასა და ექსპორტში იყოს, ხვალ – კულტურაში, ზეგ სხვა სფეროში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოს არამხოლოდ არ უნდა შეეშინდეს სიახლეების, არამედ მოწინავე უნდა იყოს, ვინც ამაში ჩაერთვება. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 4-5%-იანი ეკონომიკური ზრდა ცუდი არ არის, მაგრამ ახალი დარგების ათვისება ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.

„კანაფი კი არ გაგვარღვევს, აი, ამ ტიპის გადაწყვეტილებები გაარღვევს ეკონომიკას და შესაბამისად, გაარღვევს სიღარიბეს. შეიძლება, ვიღაცამ დაგვცინოს, რა კავშირი აქვს ბლოკჩეინს, ზუსტად ისეთივე ახალია, ისეთივე ექსპერიმენტულია, ოღონდ ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში. იქაც ჩვენ თუ ავიღებთ ინიციატივას, იქაც გავარღვევთ, ზუსტად ამაშია საქმე, ან გვჯერა ამის, ან არ გვჯერა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი