ივანე მაჭავარიანი - საგადასახადო დავალიანებებზე მაქსიმალურად კონსტრუქციული ვიქნებით, მაქსიმალურად შევალთ ტელეკომპანიების მდგომარეობაში
ივანე მაჭავარიანი - საგადასახადო დავალიანებებზე მაქსიმალურად კონსტრუქციული ვიქნებით, მაქსიმალურად შევალთ ტელეკომპანიების მდგომარეობაში

ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციული ვიქნებით, მაქსიმალურად შევალთ ბიზნესის მდგომარეობაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანიების ძველი საგადასახადო დავალიანებების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მან დღეს ტელევიზიებს შესთავაზა, ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაციაზე საკუთარი შეთავაზებები წარადგინონ, თუმცა, აუცილებლად გადაიხადონ მიმდინარე დავალიანებები.

სხვათაშორის, ეს სხვა ბიზნესებზეც მითქვამს. ერთი წლის წინ იყო „ომეგას“ თემა, სადაც ვთქვით, რომ მიმდინარე გადახდა დაიწყოს და ძველზე მაქსიმალურად ხელს შევუწყობდით. რა დოზით, რა სახით, ეს მოლაპარაკებების საგანია. შევხედავთ ფინანსურ მდგომარეობას, მიმდინარე შემოსავლებს და რასაკვირველია, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რამაც არ უნდა გამოიწვიოს ბიზნესის დახურვა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, როგორც წესი, გადახდის გრაფიკს თუ რესტრუქტურიზაციას, პირველ რიგში, გადამხდელი ითხოვს და შეთავაზებასაც წარადგენს. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა კი, მას ეთანხმება ან არ ეთანხმება.

„არავის მოუმართავს და ჩვენი მოლოდინია, უახლოეს დღეებში უახლოეს კვირებში ან მაქსიმუმ, ალბათ, თვის ბოლომდე მოვლენ თავიანთი შემოთავაზებებით“, – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, დღეს რატომ გამოვიდა ფინანსთა სამინისტრო მსგავსი შეთავაზებით, მაჭავარიანი ამბობს, რომ კითხვა ლეგიტიმურია.

„ამ კითხვას ველოდი, ლეგიტიმური კითხვაა და საერთოდ, რატომ მოხდა, რომ ამდენი ვალი დაგროვდა, ბუნებრივი კითხვაა არა? რატომ დღეს და არა გუშინ არა ან არა ხვალ – ყველამ ვიცით პოლიტიკური კონტექსტი და ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესია, მედიამ იფუნქციონიროს, უმნიშვნელოვანესია, ტელეკომპანიებმა იარსებონ. ერთი ნაწილია ის, რაც არსებობისთვის არის აუცილებელი და აქ ყოველთვის შეხვალ მდგომარეობაში, ეცდები, გადაუნაწილო, სადღაც შეღავათი მისცე, მაგრამ აქ არის მეორე, დაუსჯელობის სინდრომი – ამბობს, რომ ეს არსებობისთვის კი არ არის აუცილებელი, უბრალოდ ძალა მაქვს და გამდის. ყოველთვის შეიძლება სპეკულაცია იმაზე, რომ თავისუფალ მედიას ებრძვი, აქედან გამომდინარე, ბოროტად ხდებოდა და ხდება ამის გამოყენება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

შესაბამისად, მისი თქმით, მსგავს მიდგომას დასასრული უნდა ჰქონდეს და აღნიშნული მრუდე პრაქტიკა უნდა გამოსწორდეს.

„რატომ დღეს და ზუსტად იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ დღეს ხდება მედიაზე რაღაც ყიდვა-გაყიდვა. ამ შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ის ქეისიც შეიძლება მოვიყვანოთ. ამიტომ მინდა, ყველა არსებულმა თუ პოტენციურმა მყიდველმა იცოდეს, არ ვიცი, ხვალ შეიძლება, სხვა ტელევიზია გაიყიდოს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს გამრუდებული პრაქტიკა უნდა გავასწოროთ. ჩვენ, რომ შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვიდეთ, ამისთვის პირველი ნიშანი, სიმპტომი იქნება, რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება გადამხდელი მიმდინარე დავალიანებას, რომელიც დღეს არის წარმოქმნილი და წარმოიქმნება ხვალ. ეს იქნება ნიშანი, რითაც ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება: „რუსთავი 2“ – დაახლოებით 28 მლნ ლარის ფარგლებში, „იმედი“ – 19 მლნ-ს ფარგლებში, ხოლო „მაესტრო“ – 8 მილიონზე მეტი. მინისტრმა მოუწოდა ტელევიზიებს, უახლოეს ვადაში, თავიანთი შემოთავაზებები წარადგინონ, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას და გრაფიკს. ამასთან, მისი თქმით, მთავარი პირობაა, ტელეკომპანიებმა გადაიხადონ მიმდინარე დავალიანებები და აღარ დააგროვონ ვალები.