ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდა. შეხვედრაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც მონაწილეობდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამის მიმდინარეობა და 2018 წლის ფისკალური მაჩვენებლები განიხილეს, ისაუბრეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შესრულებულია. სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ძირითადი პრინციპებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შემუშავებისას, რაც გულისხმობს მიმდინარე ხარჯების ზრდის შეზღუდვას, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას და არსებული რესურსის მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა,რომ ნაყოფიერი იქნება სსფ-ის მისიის შეხვედრები, რომელიც თბილისში ოქტომბერში შედგება.

თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვლავ ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანია მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.