ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მიმდინარეობა, დაგეგმილი რეფორმების სტატუსი და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები მიმოიხილეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის დაცვაზე, რაც დაბალ საბიუჯეტო დეფიციტში და სახელმწიფო ვალის ურისკო მაჩვენებლებში გამოიხატება.

სსფ-ის მისიის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას – ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას, საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, ასევე საქართველოში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ შეკირი დაესწრნენ.