ივანე მაჭავარიანი - საბანკო რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და ზრდის დაჩქარებისთვის
ივანე მაჭავარიანი - საბანკო რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და ზრდის დაჩქარებისთვის

საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანი ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბანკო რეგულაციებზე საუბრისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში დაკრედიტების პროცესში  რამდენიმე არასწორი პრაქტიკა და გამოწვევა ჩამოყალიბდა.  ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალი დონე დაასახელა, ასევე, ისაუბრა სესხების გაცემის უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე.

„შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი, იყო „შავ სიაში“. ე.წ. ონლაინ სესხები გაიცემოდა, ძირითადად, სამომხმარებლო დანიშნულებით და საპროცენტო განაკვეთები ხშირად, 1000 პროცენტს აღწევდა. ეს არ არის მარტო სოციალური საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ გრძელვადიანი ეკონომიკის ზრდა, როდესაც სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი განწირულია არაფორმალურ სექტორში მუშაობისთვის“ , – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, საბანკო სექტორის წინა წლების დაკრედიტება, ძირითადად, მოდიოდა სამომხმარებლო სესხებზე და გვერდს უვლიდა წარმოების სექტორებს.

„დარწმუნებული ვარ, შემოღებული რეგულაციები, ამ მიმართულებით სურათს შეცვლის. ჩვენ ვაკვირდებით არსებულ დინამიკას და მინდა, გითხრათ პოზიტიური ტენდენციებია. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არსებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. მაჭავარიანი კომიტეტზე საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოთხოვნის საფუძველზე მივიდა. საკომიტეტო მოსმენა კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობისა და  შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ საკითხებთან დაკავშირებით იმართება.