ივანე მაჭავარიანი - რამდენადაც რეზისტენტული ვიქნებით სპეკულაციების, სიბინძურის, ტყუილის მიმართ, იმდენად მყარად იქნება ლარი
ივანე მაჭავარიანი - რამდენადაც რეზისტენტული ვიქნებით სპეკულაციების, სიბინძურის, ტყუილის მიმართ, იმდენად მყარად იქნება ლარი

ბინძური კამპანიის მიმართ რეზისტენტობა არის ყველაზე კარგი წამალი როგორც ლარისთვის, ისე ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთან მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე, რაც ხდება ლართან დაკავშირებით არის 100-ვე პროცენტით გამოწვეული პოლიტიკური გარემოთი, აგრესიული რიტორიკით, დაძაბულობით, უპასუხისმგებლო განცხადებებით, აბსოლუტური ტყუილი განცხადებებით, ძირითადად ოპოზიციის მხრიდან. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით,რომ ლარი რა ნიშნულზეც არის, არც ერთი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს, როგორც ვხედავთ და შესაბამისად, იმ არასტაბილურობის განცდით, რომელიც მოიტანა იმ რიტორიკამ და იმ სიბინძურემ, რომელსაც უტიფრად ამჟღავნებენ ჩვენი ოპონენტები. მე მგონია, ეს არის“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ვისაც ოდნავ ესმის ეკონომიკა და ვისაც ოდნავ შერჩენია ნამუსი, იცის, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის ფისკალურ ხარჯებთან, არანაირ კავშირში არ არის მთავრობის ნაბიჯებთან და არც ეროვნული ბანკის.

„ერთი მხრივ, გვაქვს პროფიციტი და გვედავებიან, რომ თქვენ არ გაქვთ დახარჯული და მეორე მხრივ, ლარი გააუფასურეთ თქვენო. მათემატიკურად არის შეუძლებელი. როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგად არისო, ელემენტარულ არითმეტიკას არ აღიარებენ და ზუსტად ასეთი უპასუხისმგებლობის გამოა გამოწვეული“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით სწრაფად, ვიდრე მისი მოლოდინი არსებობს.

„აქ არის ის, ვართ თუ არა ამ ტყუილებზე რეზისტენტული. რამდენადაც რეზისტენტული ვიქნებით ამ სპეკულაციების, ამ სიბინძურის, ამ ტყუილის მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი. ჩემი სიტყვები შეგიძლიათ გადაამოწმონ არამარტო იმ ექსპერტებთან, რომლებმაც ეს იარლიყი მიიწებეს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სავალუტო ფონდი გაგონილი გექნებათ, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები. მიბრძანდით, კითხეთ – რა მდგომარეობაშია ეკონომიკა, რა პროგნოზებია საქართველოსთან და მეზობლებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, სავალუტო კურსთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. როდესაც აგვისტოდან დაიწყო გაუფასურება, მაშინ ჩვენს მეზობლებთან ხდებოდა სერიოზული სავალუტო კრიზისი, იყო თურქეთი და რუსეთი. მაშინ ობიექტური მიზეზი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონიმიკის ობიექტური მიზეზები საქართველოში წესრიგში იყო, მეზობლებთან რაც ხდებოდა, ის ასახვას ჰპოვებდა. ეს ეკონომიკური და ბუნებრივი მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტურად გამართულ მდგომარეობაში იყო. ახლა რაც ხდება, როდესაც მეზობლებთან გამყარების ტენდენციაა, კლასიკური აჟიოტაჟი იმ ბინძური კამპანიის გამოა გამოწვეული. ამ სიბინძურის მიმართ რეზისტენტობა არის ყველაზე კარგი წამალი როგორც ლარისთვის, ისე ჩვენთვის, მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.