ივანე მაჭავარიანი - ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა ადამიანური რესურსების სფეროში 
ივანე მაჭავარიანი - ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა ადამიანური რესურსების სფეროში 

მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით არის შესაძლებელი.

„ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. განვლილ პერიოდში, სახელმწიფოს მიერ ინვესტიციები ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართებოდა, თუმცა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში და თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტი 4 ძირითადი მიმართულებით დაიგეგმა.

„პირველი, ეს არის ადამიანური კაპიტალი – სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და ამ მიმართულებით ზრდა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება, მეორე – ფიზიკური კაპიტალი, ინვესტიციები ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მესამე – ფინანსური კაპიტალი, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და მეოთხე – უსაფრთხოებაა, ვინაიდან უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელი იქნება მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკური განვითარებას. სწორედ ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც გადანაწილდება ჩვენი რესურსები და მათი განვითარებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს.

„ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით შევქმნათ კერძო სექტორის სტაბილური განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო და მუდმივად ვიზრუნოთ ამ გარემოს გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ, განვახორციელოთ ისეთი კაპიტალური ხარჯები, რომელსაც უცილებლად მოჰყვება კერძო სექტორის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.