ივანე მაჭავარიანი - ქართული სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“, ასეთი შემხვედრი ნაბიჯები არავისთვის გადაგვიდგამს
ივანე მაჭავარიანი - ქართული სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“, ასეთი შემხვედრი ნაბიჯები არავისთვის გადაგვიდგამს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანია „ომეგასთან“ მიმართებაში დასმული კითხვები პოლიტიკური მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ცხადი იყო, რომ აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებაში საქმე ეხებოდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას.

„ 11-ჯერ იყო გრაფიკი, რომელიც დაირღვა. შემდეგ იყო საუბარი რესტრუქტურიზაციის კომისიაზე, ვითომ ეს კომისია რამეს წყვეტდა. სინამდვილეში, უარესი იყო და მას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა თემასთან, ეს იყო არგადახდის საბაბი. ამის შემდგომ, პირადად მე, რამდენიმე შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, კიდევ მივეცი კომპანიას საშუალება, ემუშავა, როდესაც წინა წლის განმავლობაში თანხა უპირობოდ ჩაირიცხეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ.  ვთქვი, რომ მოეტანეთ მისაღები შემოთავაზება. სხვათა შორის, „ომეგამ“, ერთადერთხელ, პირველად შემოიტანა საგადასახადო შეთანხმებაზე მოთხოვნა, რომელიც მანამდე არასდროს წარმოუდგენია. ეს იყო ჩემი შეხვედრის დროს და ვუთხარი, ეს სწორი გზაამეთქი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტრო თავად არასდროს სთავაზობს კომპანიებს საგადასახადო შეთანხმებას და არ უსახელებს ციფრებს.

„ვუთხარით, რომ უნდა გააუმჯობესოთ და უკეთესი მოიტანოთმეთქი, თორემ სწორი გზა გრაფიკი არ იყო ამ შემთხვევაში და არც რესტრუქტურიზაციის კომისიის მოწვევა. ნორმალური, ჯანსაღი საგადასახადო შეთანხმების მოტანა შეეძლოთ მაშინ და შეუძლიათ დღესაც, ამას საჯაროდ ვამბობ. უბრალოდ, უნდა იყოს ჭკუასთან, რეალობასთან ახლოს. რა არის ჭკუასთან ახლოს? პრაქტიკა ამბობს, რომ როგორც წესი, საურავს, ჯარიმას ვპატიობთ ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძირის გადახდაზე მოდიან. არის გამონაკლისი შემთხვევები, რომ ძირზე ქვემოთაც მოვდივართ. აი, დღეს ვამბობ პირველად, შინაგანად, ამისთვის მზად ვიყავით და დღესაც მზად ვარ, მაგრამ არც ერთხელ, ოდნავ ჭკუასთან ახლოს ციფრით არავინ მოსულა. სამი წელი არ გადავიხდი, ორი წელი არ გადავიხდი და მერე დავიწყებ რაღაცის გადახდას, – ასე საგადასახადო შეთანხმებები არ დგება. თუ ვინმე ელოდა, რომ მე ვეტყოდი ციფრს, ეს აკრძალული მაქვს ჩემთვის და რა საკვირველია, ჩემი თანამშრომლებისთვისაც“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრმა საგადასახადო შეთნხმების პროცედურები განმარტა.

„საგადასახადო შეთანხმების პროცედურაც ასეთია: მოდიან კომპანიები, ჩვენ ზოგჯერ უარს ვეუბნებით, მიდიან, აუმჯობესებენ და ბრუნდებიან. კომისია შეისწავლის და ამბობს, რომ ეს მისაღებია. ამიტომ, თუ გინდათ გაიგონოთ, რომ გინდა თუ არა შემოსავლების სამსახურიდან წამოვიდეს ციფრი, არ მოდის. საურავი, როგორც წესი, კმაყოფილდება, ზოგ შემთხვევაში, ძირის ნაწილიც, მაგრამ როდესაც 50 მილიონია საურავიანად, აქედან ძირი 41 მლნ ლარია და გეუბნებიან, რომ 0-ს გადავიხდი, რას ელოდებით ჩემგან, ვერ გავიგე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან, მან დეპუტატ ნატო ჩხეიძესაც უპასუხა და განაცხადა, რომ კომპანია არაფრის გადამხდელი არ არის.

„არაფრის გადამხდელი თქვენ არ ხართ. გითხარით, რომ საურავს გაპატიებთ, კიდევ მეტსაც გაპატიებთ. თქვენ რომ კაპიკის გადამხდელი იყოთ, ამ დღეში არ ვიქნებოდით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, არავისთან ისე მართალი არ არის სახელმწიფო და ფინანსთა სამინისტრო, როგორც „ომეგასთან“.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვფიქრობ, ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადასახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო, არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, მგონია, რომ ამდენი ხელშეწყობა, ასეთი შემხვედრი ნაბიჯები არავისთვის გადაგვიდგამს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ მინისტრს კომიტეტის სხდომაზე განუცხადა, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით მისი გადაწყვეტილებები უკანონო იყო. ჩხეიძის თქმით, ეს გადაწყვეტილებები საქართველოში შეისწავლა და დასკვნა დაწერა სახალხო დამცველმა, ხოლო უცხოეთში – სტოკჰოლმის სასამართლომ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მინისტრს მოუწევს,  სასამართლოებზე თავის გადაწყვეტილებებში სიცხადე შეიტანოს.

დატოვე კომენტარი