ივანე მაჭავარიანი - პოსტკრიზისულ პერიოდში წაგვადგება, თუ როგორ ვმართეთ საკუთრივ კრიზისი და ეპიდემია, როგორ ვმართეთ კრიზისული ბიუჯეტი
ივანე მაჭავარიანი - პოსტკრიზისულ პერიოდში წაგვადგება, თუ როგორ ვმართეთ საკუთრივ კრიზისი და ეპიდემია, როგორ ვმართეთ კრიზისული ბიუჯეტი

მნიშვნელოვანია, ანტიკრიზისული ბიუჯეტი მივიღოთ, ასევე მნიშვნელოვანია დავიცვათ პარამეტრები, რომელიც მასში ჩავდეთ, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან და შევასრულოთ ვალდებულებები, რომელიც ავიღეთ ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესის წინაშე ამ ბიუჯეტის ფარგლებში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, პარალელურად მნიშვნელოვანი საკითხია ეპიდსიტუაციის მართვა.

„ესენია ნომერ პირველი ანტიკრიზისული ამოცანა. ამასთან ერთად, ვფიქრობთ და პრემიერმა ისაუბრა, რომ ვმუშაობთ მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან, რათა პოსტკრიზისული პერიოდში 2021, 2022, 2023 წლებში როგორი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშაოთ; რა დასკვნები გამოვიტანეთ კრიზისიდან, პანდემიიდან, მხოლოდ ჩვენ კი არა, ზოგადად, რა დასკვნები გამოაქვთ მსოფლიოში და ვეცადოთ, რომ იმ დინამიკას, პროცესებს და მიმართულებებს, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში დაიწყება, არ ჩამოვრჩეთ. პირიქით, ამის ავანგარდში ვიყოთ. ამაში ძალიან წაგვადგება, როგორ ვმართეთ ეს პერიოდი, როგორ ვმართეთ საკუთრივ კრიზისი და ეპიდემია, როგორ ვმართეთ კრიზისული ბიუჯეტი, რამდენად ადეკვატური და რელევანტური ვიყავით, როდესაც ამ ტიპის დახმარებებს ვითხოვდით უცხოელი პარტნიოერბისგან და სად ვმართავდით. ეს ძალიან წაგვადგება, რომ 2021 და 2022 წლებში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშაოთ, ძლიერი რეპუტაციით დავხვდებით ამ პერიოდს, ეს არის გადამწყვეტი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, პოსტკრიზისულ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორებსა და დელოიტის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებთან.

„ვერ გიპასუხებთ საკუთრივ იმაზე, რომელი საწარმოს გადმოტანა შეიძლება. ეს არ არის იოლი. მე მაინც მგონია, სასურველია და არ დავზოგავთ ენერგიას, რომ თუ რამე შანსი არსებობს, რამე ტიპის წარმოების წამოღების ქვეყანაში, სიამოვნებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დავიღლებით. თუმცა აქ მოლოდინები ადეკვატური უნდა გვქონდეს და ვმართოთ.  ეს იოლი არ იქნება, აბსოლუტურად სხვა ტიპის შეზღუდვები ახლავს ამ ამბავს და სხვა დროს შემიძლია, გესაუბროთ.

გვარებს და სახელებს ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ. ითქვა, რომ ეს არიან კემბრიჯის პროფესორები, ასევე ნიუ იორკის დელოიტის ოფისი. ეს ამ ეტაპზე საკმარისია, ჩვენ მათთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, შევიმუშავებთ და ისინიც გამოჩნდებიან, არამარტო საჯაროდ გახდება ცნობილი მათი გვარები და სახელები, მე მჯერა, რომ მათ ასევე ვიხილავთ საჯარო სივრცეში, მაგრამ ახალა არის სამუშაო რეჟიმი და ამაზე ნაადრევია საუბარი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.