ივანე მაჭავარიანი „ომეგაზე“ - გარდა იმისა, რომ გაურკვევლად საუბრობენ თავიანთ თემებზე ტელევიზიებში, ასევე გაურკვევლად ამონტაჟებენ ჩანაწერებს
ივანე მაჭავარიანი „ომეგაზე“ - გარდა იმისა, რომ გაურკვევლად საუბრობენ თავიანთ თემებზე ტელევიზიებში, ასევე გაურკვევლად ამონტაჟებენ ჩანაწერებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფიქრობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებს არც კომპანია ანაღვლებთ და არც 1 500 დასაქმებული ადამიანი.

ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა და ამ საკითხზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები შეაფასა.

„გარდა იმისა, რომ გაურკვევლად და აბდაუბდად საუბრობენ თავის თემებზე ტელევიზიით, გაურკვევლად ამონტაჟებენ ჩანაწერებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებთან საგადასახადო შეთანხმებაზე საუბარი მიმდინარეობდა, თუმცა კონკრეტული ციფრები არა სამინისტროს, არამედ კომპანიის წარმომადგენლებმა დაასახელეს. თუმცა, „ომეგა ჯგუფის“ წინადადება დავალიანების ჩამოწერის შესახებ სამინისტროსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„ამ გაურკვეველი ჩანაწერიდანაც კი ჩანს, რომ ჩვენ ვიყავით კონსტრუქციული, ვთავაზობთ გამოსავალს. ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლება, ჩაითვალოს საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც თვითონ ისინი მოვიდნენ. საგადასახადო შეთანხმებას ასეულობით კომპანიასთან ვაფორმებთ, სადაც, როგორც წესი, საურავებს ვპატიობთ, ზოგ შემთხვევაში, ძირსაც კი ვუმცირებთ. მიუხედავად ამდენი სიბინძურის და ტყუილისა, მაინც შევხვდით. ზუსტად ვიცოდით, რომ გვწერდნენ, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ვეუბნებოდით, რომ საურავების ჩამოწერის შანსი მაღალია, თუმცა, შეიძლება, ძირზეც იყოს საუბარი, მაგრამ არა იმ დოზით და ოდენობით, რომ 50 მილიონიდან 40 მაჩუქე და 10 დამიტოვე“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, მან შესთავაზა „ომეგას“ წარმომადგენლებს, საკუთარი წინადადებისთვის გადაეხედათ.

„ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ კომპანიები მობრუნებულან ახალი უფრო კარგი შეთავაზებით ბიუჯეტისთვის, ჩვენთვის და მერე დავეთანხმეთ. ჩვენი წესია, რომ არ ვეუბნებით, რამდენი უნდა ვაპატიოთ. ახლაც იგივეს ვთავაზობ, ამდენი ამბის, ამდენი სიბინძურის მერე. ახლაც შეიძლება მოვიდნენ აზრიანი წინადადებით. ჩემთვის მთავარია, ბიუჯეტისთვის ამოვიღოთ თანხა, ისე რომ წარმოება არ გაჩერდეს. 52 მილიონს ჯერ ვერ იხდიან. დიდი ალბათობაა, რომ საურავზე შევთანხმდეთ, ძირზეც მზად ვიყავით გადაგვეხედა, მაგრამ მათ აინტერესებთ იმ სიგიჟეში მონაწილეობა, რაც უკვე ორი თვეა გრძელდება. თუ ასე უნდათ, გააგრძელონ“, – დასძინა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „უხეში საუბარი“ იყო. მისი შეფასებით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს „ელემენტარული მანერები ღალატობს და ზრდილობასთან მწყრალად არის“.

 

დატოვე კომენტარი