ივანე მაჭავარიანი - მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი ღონისძიებები, ფისკალური კუთხით, დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულს იძლევა
ივანე მაჭავარიანი - მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი ღონისძიებები, ფისკალური კუთხით, დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულს იძლევა

მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები, დაახლოებით, მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულს იძლევა ფისკალური კუთხით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტურიზმის სექტორში არსებული ბიზნესოპერატორებისთვის საგადასახადო ვალდებულებების (საშემოსავლო და ქონების გადასახადების) ოთხი თვის ვადით გადავადება სექტორისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, მიმდინარეობს დღგ-ის დაბრუნების პროცესი თუმცა დამატებით ძველი დღგ-ის ვალდებულებების დაფარვაც მოხდება.

„უშუალოდ ბიუჯეტის კუთხით, საუბარია 300 მილიონამდე გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯვაზე, რომელიც რეგიონებში განხორციელდება. საბოლოო ჯამში, ის ყველაფერი, რაც დღეს გადავადდება გადასახადის სახით, ან მეტად დაიხარჯება ბიუჯეტიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, დაგენერირდება იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც შემდეგ, პოსტკრიზისულ პერიოდში გვექნება და ვიმედოვნებ, ასეც იქნება. ეს ძალისხმევა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დაუბრუნდეს განვითარების ორგანულ ნიშნულს, რომელიც უკვე ბოლო რამდენიმე წელია. მდგრადად გვიკავია 5 პროცენტის მიდამოში. საბოლოოდ, ქართულმა ეკონომიკამ უნდა დააგენერიროს ის სტიმული, რომელსაც ამ მოკლევადიან პერსპექტივაში ვხედავთ”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა წარადგინა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით 300 მლნ ლარი იქნება ინვესტირებული, დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა კი, გაორმაგდება; ასევე ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები პირველ ნოემბრამდე გადაუვადდებათ.