ივანე მაჭავარიანი - მსოფლიო ბანკი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა, რათა ქვეყანას მალევე ჰქონდეს წვდომა covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მას შემდეგ, რაც ის ბაზარზე გამოჩნდება
ივანე მაჭავარიანი - მსოფლიო ბანკი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა, რათა ქვეყანას მალევე ჰქონდეს წვდომა covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მას შემდეგ, რაც ის ბაზარზე გამოჩნდება

მსოფლიო ბანკი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა, რათა ქვეყანას მალევე ჰქონდეს წვდომა covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მას შემდეგ, რაც ის ბაზარზე გამოჩნდება, – ამის შესახებ ითქვა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდეს შორის გამართული შეხვედრისას.

შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში შედგა და მასზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფს მიუძღვის COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველომ შეიძინა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და მასალები.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ამ პროცესში.

საუბარი შეეხო, მსოფლიო ბანკის დახმარებას ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და რეფორმების გაგრძელების პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 100 მლნ აშშ დოლარს, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაზე.

მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს რეფორმებზე, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საუბარია მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივაზე „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

მსოფლიო ბანკმა ასევე გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პროცესში – მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია იქნება ის ძირითადი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანას გაუწევს დახმარებას აღნიშნული რეფორმის ეფექტიანად განხორციელების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანა შეძლებს სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევები და გააგრძელოს დაწყებული რეფორმები.

დატოვე კომენტარი